|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მონიტორინგი განხორციელდება

 სამედიცინო კორპორაცია "ევექსის" მიერ შემოღებულმა ახალმა რეფერირების სისტემამ  პაციენტთა შორის კითხვები გააჩინა. აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან  პაციენტთა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ და იმან, რომ მათ კლინიკაში მკურნალობის ანაზღაურება მოსთხოვეს. 

 ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათთვის მსგავსი ფაქტების შესახებ არავის უცნობებია. "სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ევექსი“ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით აგრძელებს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციართა მომსახურებას. კლინიკები ვალდებულნი არიან, 7 წლის ვადით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ ეტაპზე, „ევექსი“ საყოველთაო ჯანდაცვის არცერთი კომპონენტის დატოვებას არ გეგმავს. გაგრძელდება როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურება. სავარაუდოდ, გაუგებრობა ადგილობრივ დონეზე სერვისების გადაწყობის წარუმატებელმა მცდელობამ გამოიწვია. იმისთვის, რომ გადამოწმდეს-რეალურად ჰქონდა თუ არა ადგილი ბენეფიციარების მხრიდან მომსახურებაში თანხის გადახდას, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს მონიტორინგის პროცესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში. თავდაპირველად, მონიტორინგი აჭარის რეგიონიდან დაიწყება და ის უწყვეტად გაგრძელდება სხვა რეგიონებში", -ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი 2015 წლის 4 მაისიდან დაიწყება. ჯანდაცვის სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ აჭარაში კორპორაცია „ევექსის“ სხვა კომპანიით ჩანაცვლების საკითხი საერთოდ არ განიხილება.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა