|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ქუთაისის მედია  და არასამთავრობო ორგანიზაციები იმ განცხადებასა და მოთხოვნებს უერთდებიან, რომლიც გუშინ, 19 სექტემბერს, თბილისში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააჟღერეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკას, მოითხოვენ დაუყოვნებლივ გამოძიებას და შესაბამისი პირების სისხლის სამართლებრივ და პოლიტიკური პასუხისმგებლობას.

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  შეიკრიბნენ, რომლებმაც შეიმუშავეს განცხადების ტექსტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიმართ.

"საქართველოში დაიწყო ბრძოლა ღირსებისა და ზნეობის გადასარჩენად, რომელიც საზოგადოებამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რადგან ეს შელახული სახელმწიფოებრივი იმიჯისა და სამართლიანობის აღდეგნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ვუერთდებით რა სამოქალაქო პროტესტს, ვიზირებთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნებს:

საგამოძიებო ორგანოების მიერ მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო ორგანოს და მთავარი პროკურატურის, გამოვლენილი უკიდურესი უმოქმედობისა და მათდამი არსებული უნდობლობის ფონზე, აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნას მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება. ამისათვის აუცილებელია შეიქმნას კონკრეტული მექანიზმი. გამოძიება უნდა წარიმართოს მაღალი ანგარიშვალდებულებისა და საჯაროობის პირობებში;  უზრუნველყოფილ იქნეს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და დაცვა, რომლებმაც გამოააშკარავეს წამების ფაქტები და მისი ამსახველი ვიდეო მასალა გახადეს საჯარო; გარდა ვიდეო ფირებზე ასახულ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, აუცილებელია დადგეს მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენეტის თავმჯდომარის, მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი, რადგან შეუძლებელია მათი ჩართულობის გარეშე ადგილი ჰქონოდა მსგავს სისტემურ და ადამიანის უფლებათა მასიურ დარღვევას; დადგეს იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, მთავარი პროკურორის და პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელი პირთა პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი; ჩატარდეს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება არასათანადო მოპყრობის ყველა სხვა ფაქტზე; მოვუწოდებთ ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველს მუდმივი მონიტორინგი განახორციელონ აღნიშნული საქმეების გამოძიების მიმდინარეობაზე".

არასამთავრობო ორგანიზაციათა ამ განცხადებას  ქუთაისში 34 სამოქალაქო საზოგადებრივმა, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და აქტიურმა მოქალაქეებმა მოაწერეს ხელი.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე