ფერადი ქუთაისი (ფოტორეპორტაჟი)
"ქუთაისქალაქობის“ აღსანიშნად ქალაქში პარალელურად მრავალი ღონისძიება მიმდინარეობს. მოეწყო ღია კაფეები, ცენტრალურ ბაღში გაშლილ კარავში წარმოდგენილია „გარდენია შევარდნაძის“ ყვავილები, ეწყობა წიგნების ფესტივალი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასევე დაგეგმილია არაერთი სპორტული და კულტურული აქტივობა. ქალაქი დღეს განასაკუთრებით მრავალფეროვანია. წელს აღარ იქნება ფოიერვერკი, თუმცა დღის ბოლოს, მერიის გადაწყვეტილებით, 250 მანათობელი ფრანის გაშვება მოხდება.
“ორმაისობა” ქუთაისში XIX საუკუნიდან იმართება. მაშინდელი თავადაზნაური მამაკაცები დოღს მართავდნენ, ხოლო ბანოვანები გვირილებით ხელში სახალხო სეირნობას აწყობდნენ. დიდებული ქალბატონები ამ დღეს გვირილებს ჰყიდდნენ და შემოსული თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს და გაჭირვებულ ოჯახებს ეხმარებოდნენ. “ორმაისობას” ქუთაისში ტრადიციულად გვიან ღამემდე ისმოდა ხოლმე სასულე ორკესტრისა და ბაფთიანი გიტარის ხმები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი