"რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას"
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს 4 მაისს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო. საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების პატივიცემისკენ მოუწოდებს.
„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ავტორი: ანა ჯიქია