იმერეთის გუბერნატორი საჯარო სამსახურის შესახებ კანონს არღვევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ კვლევას აქვეყნებს. ამჯერად ორგანიზაციამ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ქონებრივი მდგომარეობისა და ბიზნესწილების შესახებ მომამზადა ანგარიში.
ანგარიშში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე არასრულად შევსებული ქონებრივი დეკლარაციის და საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევის გამო მოხვდა.
იმერეთის გუბერნატორი ამ დრომდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას მისსავე წილობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოში, რაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გივი ჭიჭინაძე ამ დრომდე შპს „გროსს ტურ ჯორჯიას“ 10%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია, რითიც ირღვევა საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. საწარმოში თანამდებობის დაკავებას უკრძალავს. აღსანიშნავია, რომ მას ეს ინფორმაცია არ აქვს დეკლარირებული. იგი ასევე არის რაგბის კლუბი „ყოჩების“ და ააიპ „ქართული ხმების“ გამგეობის წევრი, რაც ასევე არ არის მითითებული დეკლარაციაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" იმერეთის გუბერნიას დაუკავშირდა, როგორც გუბერნატორის პრესსამსახურში განაცხადეს, გივი ჭიჭინაძე ამ დროისთვის თბილისში შეხვედრაზე იმყოფება. საკითხთან დაკავშირებით მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი