სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ მომხდარი ხანძრის შედეგად სამი ბავშვის დაღუპვის გამო და უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა). სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდეს დროული, ეფექტური და ყოველმხრივი გამოძიება. შესაძლოა, ასევე, იკვეთებოდეს გამოძიების სსკ 243–ე მუხლის მე–3 ნაწილით წარმოების საჭიროება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა და გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ავტორი: ნიუპრესი