კახა კალაძე: ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მთავრობისგან მიზნობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. "ბოლო თვეების განმავლობაში აქტუალურია თემა, თუ რა მოხდება ენერგოტარიფებთან დაკავშირებით. მარეგულირებელ კომისიაში შევიდა განაცხადი რამდენიმე კომპანიის მხრიდან ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. მარეგულირებელ კომისიას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა შეისწავლოს არსებული სიტუაცია, პრობლემები, რაც კომპანიებს გააჩნია და რაც მათ ლარის გაუფასურებამ შეუქმნა. შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელი კომისიის მიერ – ტარიფი შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება. აჟიოტაჟი ტარიფის გაძვირების თაობაზე ტელევიზიების მხრიდან ხელოვნურად და მიზანმიმართულად შეიქმნა. ჯერ საკითხის შესწავლა დაიწყო მარეგულირებელმა კომისიამ და გარკვეულმა ტელევიზიებმა დაიწყეს საუბარი, რომ მოსახლეობას ტარიფი გაუძვრიდება. ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებით ეს ეხება თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ხოლო ანგარიშწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორცხიელდება. ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რათა გადათვალოს ტარიფი. არ გამოვრიცხავ მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა ეს მთავრობის მსჯელობის საგანი იქნება. შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს", - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.
ავტორი: ნიუპრესი