„შოთა მურღულია ვალდებულია პროკურატურას მიმართოს“
შოთა მურღულიას ბრალდებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარკირების სისტემის კორუფციულ სქემად გადაქცევის შესახებ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, შოთა მურღულია „ჭორბიუროდ“ გადაიქცა და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს.
„შოთა მურღულიამ გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენს მიერ პარკირების ადგილები კორუფციულ ობიექტებად იყო ქცეული და ამ ადგილების სასურველ კომპანიებზე დარიგება ხდებოდა. ეს არის არაკორექტული განცხადება, უფრო სწორად, ჭორაობა და შოთა მურღულია, თუ კი მას აქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მიერ მსგავსი კორუფციული გარიგებები ხდებოდა, ვალდებულია, მიმართოს პროკურატურას, ან სხვა ძალოვან სტრუქტურას და მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის შესახებაც ჩვენც კი არაფერი ვიცოდით. წინააღმდეგ შემთხევაში, გამოვიდეს და თქვას, რომ კიდევ ერთხელ წაიჭორავა და ის ამბები მოყვა, რომელსაც მხოლოდ წყაროსთან თუ მოისმენს ადამიანი. მისი ეს განცხადებები, მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების უნიათობის გადასაფარად ხდება“-განაცხადა საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა დავით გოგისვანიძემ.
შეგახსენებთ, ქალაქის მერმა ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პარკირების ჩაშლილ აუქციონებზე ისაუბრა. მისი თქმით, აქამდე პარკირების ადგილები რამდენიმე ლოტად იყო დაყოფილი და მისი განკარგვის უფლება წინა ხელისუფლების "ხელდასმულ" კომპანიებს ჰქონდათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი