კულტურის სამინისტროს ქუთაისის ოპერის თეატრიდან შეტყობინება არ მიუღია
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატურის შესახებ კულტურის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია, ამის შესახებ "ნიუპრესს" კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურიდან განუცხადეს.
ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომელთა მოთხოვნას, თავად მოეხდინათ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა, კულტურის სამინისტრომ თანხმობით უპასუხა. რამდენიმე დღის წინ თეატრში ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად, სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურის ვინაობა ცნობილი გახდა. არჩევნებში მონაწილეობას ოპერის თეატრის ქორმეისტერი ირინა ლომინაძე და ცნობილი სოლისტი ლაშა ნიქაბაძე იღებდნენ. კენჭისყრის შედეგად 9 ხმა ირინა ლომინაძემ მიიღო, ლაშა ნიქაბაძემ კი მხოლოდ -6.
როგორც ოპერის თეატრის პრესსამსახურიდან განმარტეს, ლომინაძეს მხარდაჭერა კულტურის სამინისტროდანაც აქვს: „ინფორმაცია გადაგზავნილია სამინისტროში, საბოლოო გადაწყვეტილებას მინისტრი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ირინა ლომინაძემ სამინისტროს საბჭოც მოიგო, 12 კაციანი ბორდიდან 11-მა ირინას დაუჭირა მხარი.“
საწინააღმდეგოს აცხადებენ კულტურის სამინსტროში. როგორც "ნიუპრესს" განუცხადეს, "ჯერჯერობით სამინისტროში ქუთაისის ოპერის თეატრიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ". იმ შემთხვევაში კი, თუ სამინისტრო შერჩეული კანდიდატურის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მიიღებს, გადაწყვეტილება არაუგვიანეს ერთი კვირის ვადაში იქნება მიღებული.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა