2016 წლიდან პედაგოგები ვიდეოგადაღებით შეფასდებიან
პედაგოგთა კარიერული ზრდის ახალი სქემის მიხედვით, მათი შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გაკვეთილის ვიდეოგადაღების შეფასებას დაეფუძნება, რომლის ერთადერთი მიზანი მასწავლებელთა პრაქტიკული უნარების განსაზღვრა იქნება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ისაუბრა. მიმინოშვილის თქმით, პედაგოგებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვიღაც მოულოდნელად მივიდოდა და გადაიღებდა გაკვეთილის პროცესს, მაგრამ ასეთი მეთოდის დანერგვას ცენტრი არ აპირებს.
„პედაგოგებზე დაკვირვების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი, ეს არის კონკრეტული დამკვირვებელი, რომელიც მომზადებულია კარგად, მიდის და გაკვეთილს ესწრება. მეორე- ეს გახლავთ ვიდეოგაკვეთილის შეფასება, რომელიც ფართოდ გამოიყენება ამერიკაში, ჰოლანდიაში და ა.შ.
ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ის, რომ პროცესის წარმმართველი თავად პედაგოგი იქნება. ის გადაწყვეტს, როდის და რომელი გაკვეთილს გადაიღებს, - განმარტა მაია მიმონოშვილმა.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ყველა სკოლამ ერთი ოთახი შესაბამისი ტექნიკით უნდა აღჭურვოს. მასწავლებელი გაკვეთილებს ერთი კვირის განმავლობაში სწორედ ამ ოთახში ჩაატარებს, შემდეგ კი თვითონ აარჩევს ორ ან სამ ვიდეოს, რომელსაც ცენტრს გადაუგზავნის.
„ვიდეოგადაღებით არ შეფასდება პედაგოგის საგნობრივი ცოდნა, ცოდნა გამოცდით ფასდება. აქ საუბარია იმაზე, რამდენად ეფექტურად ახერხებს ის კლასის მართვას, რამდენად ეფექტურად შედის მოსწავლეებთან კომუნიკაციაში, როგორ ახერხებს მოსწავლეების გაკვეთილის პროცესში ჩართვას, რამდენად ეფექტურად სხვამს კითხვებს და ა.შ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ სისტემა ბოლომდე ჩამოყალიბდეს. 2015 პილოტირების წელიწადი იქნება, ხოლო სისტემა ძალაში 2016 წლიდან შევა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი