|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისის #2 ციხეში შესვლას ითხოვენ

საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შეაჩერე აქტი“ ქუთაისის #2 ციხეში შესვლას ითხოვს. ეს ერთ–ერთი იმ მოთხოვნათაგანია, რომელიც ქუთაისის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე დააყენეს.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციები წარმომადგენლები საზოგადოებირვი მოძრაობის მიერ დაგეგმილი 10 დღიანი აქციების ფარგლებში დღეს, 24 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ. ციხეში შესვლის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,შეაჩერე აქტის“ წევრები ქუთაისის სახალხო დამცველის ოფისს დღეს მიმართავენ.

ქუთაისის #2 ციხეში შესვლის გარდა,  საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა ცესკოს ახალი დადგენილების პროექტი გააპროტესტეს, რომლითაც კენჭისყრის დღეს,  საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეო გადაღება  იკრძალება.

,,ჩვენ კვლავ სოლიდარობას ვუცხადებთ მდუმარე აქციებით პატიმრებს, მაგრამ აუცილებელია რეალურად მოვინახულოთ ისინი და გავარკვიოთ თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ქუთაისის ციხეში. ასევე, მოვითხოვთ, ცესკომ უარი თქვას ახალ დადგენილებაზე, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფოტო–ვიდეო გადაღებას კრძალავს,“  – ამბობს სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის ,,თაობათა დიალოგი“ ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ ქუთაისში პატიმართა წამების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს 21 სექტემბრიდან, ყოველდღე მართავს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. აქციები 30 სექტებრამდე გაგრძელდება და ის ქუთაისის #2 ციხესთან დასრულდება.

ხვალ, 25 სექტემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“ აქციას ქუთაისის პოლიციის #3 განყოფილებასთან  (ავტომშენებლის #35–ა) გამართავს. აქცია 12:00 საათზე დაიწყება.


ავტორი: ანა ჯანაშია