პრობლემები, რომლებიც ქუთაისელებს ყველაზე მეტად აწუხებს
უმუშევრობა, სადრენაჟო–საკანალიზაციო სისტემები და და
წყალმომარაგება – ეს იმ პრობლემათა სამეულია, რომელსაც ქუთაისელები
ყველაზე მტკივნეულად თვლიან. აღნიშნული პრობლემების შემდეგ, ქუთაისის მოსახლეობა ჯანდაცვის, განათლების
სფეროების მიუწვდომლობასა და სხვა სოციალურ საკითხებზე საუბრობს.
„ჩემი ხმა პარლამენტში“ ასეთია იმ პროექტის სახელწოდება,
რომლის ფარგლებში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალმა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი პრობლემური
საკითხები გამოკვეთა. ფოკუს–ჯგუფებთან შეხვედრის გზით მიღებული შედეგები საიამ დღეს სამოქალაქო საზოგადოებასა და მაჟორიტარობის კანდიდატებს
გააცნეს. თუმცა მაჟორიტარობის კამდიდატებიდან შეხვედრას მხოლოდ „ახალი მემარჯვენეების“
კანდიდატი ესწრებოდა.
როგორც აღმოჩნდა, სამუშაოს მაძიებელთა იმედები ახლად
შემქნილმა დასაქმების სამინისტრომ ვერ გაამართლა,
რადგან გამოკითხვაში მონაწილე პირების აზრით,
უწყებას საკუთარი თანამშრომლებისა და მინისტრის გარდა, ჯერ არავინ დაუსაქმებია. მოსახლეობისათვის
ასევე, მტკივნეულია წყალმომარაგების საკითხი. რადგან წყლის გრაფიკით მიწოდების გარდა,
მოსახლეობა წყალზე არსებული მაღალი ტარიფითაც
გამოხატავს უკმაყოფილებას.
ფოკუს–ჯგუფის მონაწილეები დადებითად აფასებენ იმ ფაქტს,
რომ ქალაქში საავამყოფოების რიცხვი გაიზარდა,
ასევე, გაუმჯობესდა სამედიცინო დაწესებულებების
მატერიალურ–ტექნიკური ბაზით აღჭურვის საკითხი, თუმცა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და კვალიფიციური კადრების
სიმწირე გამოკითხულთა აზრით, კვლავ პრობლემად რჩება. გარდა ამისა, როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ, სამედიცინო
მომსახურების მისაღებად დაწესებულებებში საათების განმავლობაში უწევთ ლოდინი.
ფოკუს –ჯგუფის წევრები კმაყოფილებას არც განათლების სისტემით
გამოხატავენ და აღნიშნავნ, რომ საჯარო სკოლაში
მოსწავლე მძევლად იქცა, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში
სწავლის ხარისხის შემცირების პარალელურად, სწავლის საფასური გაიზარდა.
სამაგიეროდ, გამოკითხული პირები კმაყოფილებას გამოთქვამენ
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებით. ისინი, ასევე, დადებით შეფასებას აძლევენ
იმ ტენდენციას, რომ გაუმჯობესდა შიდა გზების და გარე განათება.
საიას ქუთაისის ფილიალის პროექტის „ჩემი ხმა პარლამენტში“
კოორდინატორის თანაშემწე ნინო ხუხუა ამბობს, რომ პროექტის მიზანია მაჟორიტარი დეპუტატის
ბიუროს გაძლიერება და გამოკვეთილ პრობლემებზე
მაჟორიტარების მხრიდან რეაგირება.
„ჩვენ ვაპირებთ პარლამენტში მოხვედრილ მაჟორიტართან ერთად შევხვდეთ
მოსახლეობას და მათი დახმარებით მოვახდინოთ მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება,“ –
ამბობს ნინო ხუხუა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე