|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქუთაისი დღეს არის უპატრონო, უხელისუფლებო ქალაქი“

ქუთაისის ყველაზე მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებას დაიწყებდით ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? თქვენი ხედვა ქუთაისის საპარლამენტო სტატუსთან დაკავშირებით?   როგორია ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის დღევანდელი მდგომარეობა და რა კონკრეტული შეთავაზებები გაქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის?  -  ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც  პასუხის გაცემა დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს  შოთა ინანეიშვილს  მოუწია.

დეპუტატობის კანდიდატს აღნიშნულ შეკითხვებს  ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უსვამდნენ.

როგორც ინანეიშვილმა შეხვედრაზე განმარტა, ამ ეტაპზე  პარტიას  დასმულ კითხვებზე კონკრტული პასუხები არ აქვს. თუმცა,  „მიმაჩნია, რომ ჩვენი პარტიის  მთავარი ხედვა: სამართლიანი ქვეყანა, თავისუფალი და წნეხისგან განთავისუფლებული  ბიზნესი, მდიდარი სოფელი, თანაბარი პირობები სოციალურად დაუცველ  ოჯახებს - ამ კითხვებზე ზოგადად პასუხს სცემს. მაგრამ კონკრეტულად რა როგორ იქნება, ამას ჯერჯერობით  ვერ გეტყვით“, - აღნიშნა  შოთა ინანეიშვილმა.

არასამთავრობო სექტორის მიერ  დასმულ შეკითხვაზე, თუ რა არის  ამ ეტაპზე  ქალაქის   მთავარი პრობლემა „ეროვნული-დემოკრატიული“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის პასუხი ასეთია: „ქუთაისი დღეს არის უხელისუფლებო,  უპატრონო  ქალაქი. ეს არის უნიკალური შემთხვევა, რადგან  ქალაქს არ ჰყავს მერი და მერიის თანამშრომლები. ცნობილია, რომ  ამ დღეებში  მერიის 128  თანამშრომელი ერთდროულად  შვებულებაში გავიდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქალაქი შეიძლება  იყოს  ხელისუფლების გარეშე“, -  განაცხდა  ედპ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

შოთა ინანეიშვილის განმარტებით,  ქვეყანაში არ  ფუნქციონირებს  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ინანეიშვილი მიიჩნევს,  რომ   თვითმმართველ ორგანოებს ადგილობრივი შემოსავლები უნდა გააჩნდეს, რომელიც მისივე თქმით, იქნება ერთ-ერთი  წინაპირობა იმისა, რომ გადაწყვეტილებებიც  ადგილობრივ დონეზე იქნეს მიღებული. „რადგან მე ვერ დავინახე ქუთაისში  ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ადგილობრივ დონეზე იღებდეს გადაწყვეტილებებს“, -  განმარტა  შოთა ინანეიშვილმა.

რაც შეეხება, ქუთაისის საპარლამენტო სტატუსს, ედპ–ში მიაჩნიათ, რომ ქალაქს აქვს იმის პოტენციალი რომ გარდა პოლიტიკური ცენტრისა, საგანმანათლებლო და ტურისტული ცენტრიც იყოს.  „ვთვლი, რომ ამის ადამიანური რესურსი ამ ქალაქში  ნამდვილად აქვს“, – აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრის ინიციატიცა ქუთაისის დემოკრატიული-ჩართულობის ცენტრს ეკუთვნის.

ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ანალოგიური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ   ამომრჩეველს ყველა პარტიაზე თუ მაჟორიტარობის კანდიდატზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს. „შესაბამისად, ამომრჩეველი გააკეთებს ინფორმირებულ არჩევანს“, –  ამბობს ადგილობრივი  არასამთავრობო ორგანიზაცია პედაგოგთა კავშირი „განათლება და სამყარო“– ს ხელმძღვანელი ნანული რამიშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან  შეხვედრების ციკლის ფარგლებში, „ეროვნული–დემოკრატიული“ პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის გარდა, შეხვედრა უკვე  შედგა, „ქრიტიან-დემოკრატიული“ მოძრაობის,  „ახალი მემარჯვენეების“  და  „ლეიბორისტული“  პარტიის  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატებთან. 

ავტორი: თეკლა მორგოშია