|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულის გამგებელს ფინანსური დოკუმენტაციის გატაცებისთვის უჩივიან

ხარაგაულის ახალარჩეულ პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ნოდარ ებანოიძეს მუნიციპალიტეტის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს.

ნოდარ ებანოიძე ავალიშვილის მიერ მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსხურიდან წაღებული დოკუმენტაციის დაბრუნებასა და  გამგებლის მიერ ხარაგაულის ბიუჯეტიდან გადარიცხული  15 000 ლარის ხარჯვის კანონიერების დადგენას ითხოვს.

ნოდარ ებანოიძის თქმით, დახლოებით 30–40 დღის წინ თორნიკე ავალიშვილი ავტოავარიაში მოჰყვა, რა დროსაც მისი კუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანა დაზიანდა, ხოლო თავად გამგებელმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ებანოიძის თქმით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ავალიშვილს სამართალდამცავებისათვის არ განუცხადებია, ხოლო დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად  თანხა, 15 000 ლარის ოდენობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა გაიღო.

„მე გამოვითხოვე ეს დოკუმენტაცია, თუმცა არ მომეწოდა. ახლა ხარაგაულის პოლიციიდან ავიღე ცნობა, რომ ავალიშვილს შემთხვევის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებია. დახლოებით ნახევარ საათში ზესტაფონის რაიონულ პროკურატუას მივმართავ და მოვითხოვ, რომ  პროკურატურამ უზრუნველყოს აღნიშნული დოკუმენტაციის ყოველგვარი ფალსიფიკაციის გარეშე  დაბრუნება და შეისწავლოს გამგებლის მიერ ბიუჯეტიდან გადარიცხული 15 000 ლარის ხარჯვის კანონიერება. ავალიშვილმა წუხელ გვიან ღამით,  საფინანსო სამსახურიდან გაიტაცა ეს ფინანსური დოკუმენტაცია და დღეს სამსახურში არ გამოჩენილა,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.

აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ხარაგაულის  მუნიციპალიტეტსა და არც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე