ხარაგაულის გამგებელმა გატაცებული დოკუმენტები დააბრუნა
ხარაგაულის ახლადარჩეული მაჟორიტარი
დეპუტატის ნოდარ ებანოიძის თქმით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა თორნიკე ავალიშვილმა
გატაცებული ფინანსური დოკუმენტაცია დააბრუნა. თავად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში
კი გამგებლის მიერ დოკუმენტების წაღებას
კატეგორიულად უარყოფენ.
„გამგებელმა დოკუმენტები წუხელ, გვიან დააბრუნა.
ჩვენი ეჭვები დადასტურდა, რომ ადგილი აქვს
საკმაოდ სერიოზულ სამართალდარღვევას. ამასთან დაკავშირებით მე გუშინვე
მივმარტე პროკურატურას. თავად გამგებელს არ შევხვედრივარ, რადგან ის დღეს
გუბერნატორთან იმყოფებოდა
შეხვედრაზე,“ – ამბობს ნოდარ ებანოიძე.
ხარაგაულის გამგებლის, თორნიკე ავალიშვილის მიერ
თანამდებობის დატოვებისა და დარღვევების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაციის
გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 11 ოქტომბერს გავრცელდა. აღნიშნულს
კატეგორიულად უარყოფს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი.
„არც გამგებელი გაქცეულა და არც რაიმე წაუღია. რა
უნდა წაეღო. ბავშვი ხომ არ არის. დოკუმენტების წაღებას ერთი ვაგონი სჭირდება.
გამგებელი ჩვეულ სამუშაო რეჟიმშია. დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდა
შეხვედრაზე," – ამბობს აკაკი მაჭავარიანი.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თორნიკე
ავალიშვილის ვიზიტს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ხარაგაულის გამგებელი იქ არ
ყოფილა. თავად თორნიკე ავალიშვილი კი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე