|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის გუბერნატორის პოსტს ორგზის პარლამენტარი ვახტანგ ბალავაძე დაიკავებს

მომავალი კვირიდან იმერეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ეყოლება.  newpress.ge–ის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ლაშა მაქაცარიას ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ვახტან ბალავაძე შეცვლის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე მე–6 და მე–7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004–2008/2008–2012 წწ)  დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით იქნა არჩეული.

ვახტან ბალვაძეს მარტო 2011 წელს, პარლამენტის წევრობით, მიღებული აქვს  70 000  ლარამდე შემოსავალი.

მის აქტივობებშია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა, ასევე, იყო რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე. 2003–2004 წლებში პარლამენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი ეჭირა.

2012 წლის აგვისტოდან კი პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის არჩევისას, ვახტან ბალავაძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დანიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ალექსანდრე ხეთაგური შეცვალა.

ამჯერად კი პოსტს იმერეთის გუბერნატორს ლაშა მაქაცარიას გაუცვლის.

თავად ლაშა მაქაცარიას მომავალი გეგმები უცნობია. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ამ დრომდე, ოფიციალურად არ ადასტურებენ ინფორმაციას, მაქაცარიას მიერ თანამდებობის დატოვების თაობაზე.

ლაშა მაქაცარია იმერეთის გუბერნატორად 2009 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა, რომელიც აღნიშნულ პოსტზე თბილისიდან, პრეზიდენტის განკარგულებით იქნა მოვლინებული. მაქაცარია რეგიონში თავის გუნდთან ერთად მოვიდა.

გუბერნატორის პოსტზე მოღვაწეობა მან საკადრო ცვლილებებით დაიწყო. მაქაცარიამ იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი შეცვალა.

სად გადაინაცვლებს მაქაცარია, ამ დროისთვის ინფორმაცა არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მან გასულ კვირას იმერეთის რაიონული ხელისუფლების პირველ პირებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ თავმჯდომარეებთან საგანგებო თათბირი გამართა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

ოფიციალური კომენტარები არც შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. თუმცა, ცნობილი ხდება, რომ თათბირზე მაქაცარიამ ყველას გამოუცხადა, რომ ისინი უკვე ოპოზიციაში არიან და სამომავლო გემგები დასახა.

რა გეგმებით და გუნდით მოვა ახალი გუბერნატორი ვახტან ბალავაძე ეს უახლოებს დღეებში გაირკვევა.

 ვახტან ბალავაძე, ასევე, თბილისში ცხოვრობს. ჰყვას მეუღლე ანა ხომერიკი, რომელიც თბილისში მდებარე LTD Event Club-ის დირექტორია. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე