|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ახალი გუბერნატორის მოადგილედ შესაძლოა გოჩა თევდორაძე დაინიშნოს

იმერეთის ახალი გუბერნატორის, ვახტანგ ბალავაძის მოადგილედ შესაძლოა პარლამენტარი – გოჩა თევდორაძე დაინიშნოს.

ვიცე–გუბერნატორად თევდორაძის დანიშვნაზე მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რაც ცნობილი გახდა, რომ მომავალი კვირიდან იმერეთს ახალი გუბერნატორი ეყოლება. newpress-ge-ის ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი ვახტან ბალავაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მოქმედ გუბერნატორს ლაშა მაქაცარიას ჩაანაცვლებს.  

თავად გოჩა თევდორაძე newpress.ge–სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისთვის ვიცე–გუბერნატორობა არავის შეუთავაზებია და ამის შესახებ არაფერი იცის.

„ჯერ ვარ პარლამენტარი. მერე რა იქნება ვნახოთ,“ – ამბობს გოჩა თევდორაძე.

გოჩა თევდორაძე ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004–2008/2008–2012 წწ) დეპუტატია.  ისევე, როგორც იმერეთის მომავალი გუბერნატორი - ვახტანგ ბალავაძე. ორივე მათგანს დეპუტატის მანდატი  „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ერგო. ამავე პარტიულ სიაში გოჩა თვედორაძეს ადგილი 2012  საპარლამენტო არჩევნებზეც შეხვდა, სადაც  71 ადგილი ეკავა.

გოჩა თევდორაძის პოლიტიკური კარიერა ნინო ბურჯანაძესთან ახლობლობით დაიწყო. როდესაც მან ქუთაისის ოცხელის გიმნაზიის დირექტორობიდან   ბურჯანაძე-დემოკრატების" კვოტით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  – ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის უფროსად გადაინაცვლა.  მოგვიანებით, კი პარლამენტის მანდატიც მოიპოვა, ორგზის.

პარალელურად, გოჩა თევდორაძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. სწორედ იმ პერიდოში, გოჩა თევდორაძის სახელთან ასოცირდებოდა ყველა საკადრო ცვლილება. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ნებისმიერი პირის საჯარო სამსახურში დასაქმება–არდასაქმების და თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს გოჩა თევდორაძე წყვეტდდა.

თუმცა, 2011 წლიდან გოჩა თევდორაძე პარტიის საქალაქო საქმიანობას ჩამოაშორეს და ეს ადგილი ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი თევდორაძემ დაიკავა,  (რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა მაჟორიტარ დეპუტატად, „ნაციონალების“ კვოტით). სწორედ ამ პერიოდიდან შესუსტდა გოჩა თვედორაძის გავლენა რეგიონში.

დაიბრუნებს თუ არა ძველ გავლენას  გოჩა თევდორაძე და ჩაანაცვლებს თუ არა ის  მოქმედ ვიცე–გუბერნატორებს, ეს რამდენიმე დღეში, ახალი გუბერნატორის  –ვახტანგ ბალავაძის მოსვლის შემდეგ გაირკვევა. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე