ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
ამ წუთებში ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა მიმდინარეობს. „ჯორჯიან მარგანეზის“ მუშები სამუშაოს შესრულებაზე, მათ
მოთხოვნების შესრულებამდე, უარს
ამბობენ.
მუშების მოთხოვნას კი სამუშაო პირობების გაუმჯობესება,
ხელფასების ზრდა და კვების პირობების მოწესრიგება წარმოადგენს.
ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზ
წერეთლის თქმით, მუშები დღეს გაიფიცნენ. გაფიცულთა
რაოდენობა 400 ადამიანს შეადგენს. თუმცა როგორც წერეთელი ამბობს, მათ კიდევ ემატებიან მუშები.
„მუშები ამ წუთებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინ მდებარე
„ჯორჯიან მარგანეზის“ ოფისთან დგანან. საწარმოს ხელმძღვანელობა მუშების მოთხოვნების
გაცნობის მიზნით მათთან იმყოფებოდა. ახლა უცხოელ პარტნიორებს ელოდებიან, რომლის შემდეგ
სამუშაო შეხვედრა გაიმართება მუშების პრობლემების გადაწყვეტის მიზნით. საწარმოს დიდი
ნაწილი გაჩერებულია, მხოლოდ რამდენიმე ქარხანა მუშაობს “ - ამბობს მალხაზ წერეთელი.
„ჯორჯიან მარგანეზში“ დასაქმებული მუშების საშუალო ანაზღაურება 250 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს.
მაღაროში ყველაზე რთულ სამუშაოდ მიჩნეული - გვირაბის გამყვანის ანაზღაურება კი 600
ლარს შეადგენს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე