პრეზიდენტმა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს ხელფასები გაუზარდა
საქართველოს პრეზიდენტის 12 ოქტომბრის ბრძანებულებით,
თვითმმართველი ქალაქებისა (თბილისისა და ბათუმის გარდა) და მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ.
პრეზიდენტის #945 ბრძანების თანახმად, თუ ამ დრომდე თვითმმართველი ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის შრომის
ანაზღაურების ზედა ზღვარი 2 480 ლარს შეადგენდა, ცვლილების შედეგად ეს თანხა 2 750
ლარამდე გაიზარდა. ასევე, გაიზარდა, მერის
მოადგილის, სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსისა და ტერიტორიული ორგანოს
ხელმძღვანელის ანაზღაურებაც.
ქუთაისის
ადგილობრივ თვითმმართველობაში პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ ხელფასების ზრდის
თაობაზე newpress.ge-სგან
შეიტყვეს. თუმცა, ამობენ, რომ აღნიშნული ცვლილება მათთვის სასიამოვნო სიახლეა. თვითმმართველობაში
მიიჩნევენ, რომ ხელფასების ზრდა მათი მოტივაციის ზრდას უკავშირდება.
„ხელფასები
ამ დრომდეც უნდა გაზრდილიყო. ბათუმში მაგალითად 3 წელი აქვთ გაზრდილი
ხელფასები. მათთან თუ წელიწადში 5 000
განცხადება შედის, ჩვენთან შემოდის -20 000. ჩვენ მეტს ვმუშაობთ. ხელფასების ზრდის
საკითხი რამდენჯერმე დავაყენეთ და კარგია, რომ ვიღაცამ შეისმინა ჩვენი თხოვნა,“ - ამბობს
ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი ვანო
ჟორჟოლიანი, რომლის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი, ცვლილების შედეგად, 900
ლარიდან 1490 ლარამდე გაიზარდა.
პრეზიდენტის
გადაწყვეტილებით, ცვლილებები მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობის ხელფასებზეც
აისახა. მაგალითად, მუნიციპალიტეტბში გამგებლებისა და საკრებულოს
თავმჯდომარეებისათვის განსაზღვრული 2360
ლარიანი ანაზღაურება 2650 ლარამდე გაიზარდა.
ხელფასების ზრდით გამოწვეული საჯარო მოხელეთა კმაყოფილების ფონზე, უკმაყოფილებას ვერ მალავს ადგილობრივი მოსახლეობა.
„ხელფასების
ზრდა მათთვის კარგია, მაგრამ ხელფასები რომ გაიზარდა, ნეტავ სხვა არაფერი იყო
გასაკეთებელი? მაგას სჯობდა პურისთვის დაეკლოთ ფასი,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები
მალვინა სოფრომაძე.
„ხელფასების
ზრდა კი არა, რაც აქვთ, ისიც არ ეკუთვნით,“ - ამბობს ქუთაისში მცხოვრები ნანა
ადეიშვილი.
საჯარო
მოხელეებისათვის ხელფასების მატების ოფიციალური
მიზეზი უცნობია. თუმცა ქვეყნის
პრეზიდენტის ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ადვილი სავარაუდოა, რომ შრომის
ანაზღაურების მატება ადგილობრივ დონეზე
ერთგულების მისაღებად გახდა საჭირო. შესაძლოა,
სწორედ აღნიშნულ მიზეზს უკავშირდება ის ცვლილება, რომელიც ქვეყნის პირველი პირის
მიერ გამოცხადებულ „ქამრების შემოჭერის
პოლიტიკას“ ეწინააღმდეგება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე