|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცულ მაღაროელებს საწარმოს ხელმძღვანელობა მოთხოვნების შესრულებაზე უარს ეუბნება

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა  და „ჯორჯიან მარგანეზის“  ხელმღვანელობას შორის მოლპარაკების პროცესი ჩაიშალა. მოლაპარაკება, რომელშიც   საწარმოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ფინანსური მენეჯერი, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი და  გაფიცული მაღაროლები მონაწილეობდნენ, უშედეგოდ დასრულდა.

იმერეთის მეტალურგიული და  სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილის გრიგოლ ბრეგვაძის თქმით, მუშების მოთხოვნების შესრულებაზე საწარმოს ხელმძღვანელობამ ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

„მუშები ხელფასების 10%-ით მატებას ითხოვენ. ამაზე ქარხნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება გენერალურმა დირექტორმა  უნდა მიიღოს. გაფიცული მუშების რაოდენობა ამ ეტაპზე 500 კაციდან 1000 კაცამდე გაიზარდა.  სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ესენი დაშლას არ აპირებენ,“ - ამბობს გრიგოლ ბრეგვაძე.

„ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მუშებმა საწარმოს ხელმძღვანელობის კაბინეტში შეჭრა სცადეს, რადგან ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშების მისამართით შეიგინა. დაახლოებით 16:00 საათისთვის უკრაინიდან გენერალურ დირექტორს ველოდებით,“ - ამბობს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთლი.

ჭიათურაში  მაღაროელები დღეს გაიფიცნენ. ხელფასების მატების გარდა, ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებასა და კვების კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.   „ჯორჯიან მარგანეზში“ დაახლოებით 3 700-მდე ადამიანია დასაქმებული. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე