|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელ მაღაროელთა აქციებს ხვალიდან საგაფიცვო კომიტეტი განაახლებს

ჭიათურაში, გაფიცულმა მაღაროელებმა და „ჯორჯიან მარგანეზის“ გენერალურმა დირექტორმა  მუშების ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მუშები დღეს დაიშალნენ, თუმცა ხვალიდან კვლავ შეიკრიბებიან.

„მუშების მიერ წამოყენებულ სხვა პირობებთან დაკავშირებით საწარმოს ხელმძღვანელობისგან დაპირება მივიღეთ, რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, მასზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მუშები საწარმოს  ადმინისტრაციასთან პირად ანგარიშსწორებას ცდილობდნენ, რადგან ეს ხალხი აქამდე დაშინებული იყო. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ჭიათურის პოლიციის გარდა, დამატებით საჩხერის პოლიციის მობილიზებაც გახდა საჭირო,“ - ამბობს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუატატი მალხაზ წერეთელი.

წერეთლის თქმით, დღესვე საგაფიცვო კომიტეტი შეიქმნა, რომელიც ხვალ აქციებს განაახლებს. ასევე,  გაფიცული მაღაროელებისათვის ხვალ გახდება ცნობილი საწარმოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება მათი ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით.

„ხვალ, 15:00 საათზე დავასახელებთ კონკრეტულ ციფრს და გვეცოდინება, ამ ეტაპზე რამდენი პროცენტით შეიძლება მუშების ხელფასების ზრდა,“ - აცხადებენ  „ჯორჯიან მარგანეზის“ ხელმძღვანელობაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურელმა მაღაროელებმა გაფიცვა დღეს გამოაცხადეს. ისინი ხელფასების 10%-ან მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მუშებმა საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლპარაკება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. საწარმოს ადმინისტრაციასა და გაფიცულებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ამ უკანასკნლებმა ადმინისტრაციის შენობაში შეჭრაც სცადეს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე