დავით უსუფაშვილი: „პარლამენტის მშენებლები ჯადოქრები არ არიან“ [photo]
„პარლამენტის შენობა დღეს არის დიდი სამშნებლო მოედანი.
აქ მშენებლები ჯადოქრები არ არიან, რომ რასაც
თვეები სჭირდება, დღეებში გააკეთონ. მათ ჰქონდათ ასეთი დავალება ხელისუფლების მხრიდან.
მაგრამ შეუძლებელია იმის შესრულება, რაც მათ დაუსახეს,“ – ეს განცხადება საქართველოს
ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის
შენობის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.
უსუფაშვილის განცხადებით, მათ მუშებისგან მიიღეს დაპირება,
რომ პარლამენტის პირველ სესიამდე დარჩენილ 4–5 დღის ვადაში სამუშაოებს დაასრულებენ.
რაც შეეხება შენობის გარე პერიმეტრის მოწყობას, მუშების თქმით, ის პარლამენტის პირველი სესიისთვის ვერ მოესწრება.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები,
დავით უსუფაშვილის განმარტებით, პარლამენტის ახალ შენობაში
არსებული ვითარება შორს არის სამუშაო პირობებისგან, თუმცა „ჩვენ არ შევქმნით არანაირ
პრობლემას. პარლამენტი თავის ფუნქციას შეასრულებს. აპარატში დასაქმებულები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პარლამენტის პირველმა სესიამ კარგად ჩაიაროს. პრაქტიკულად საველე პირობებში მოგვიწევს ცხოვრება
და მუშაობა, მაგრამ მე ვისურვებდი მხოლოდ ეს პრობლემა დაეტოვებინა ჩვენთვის მიმავალ
ხელისუფლებას,“ – ამბობს დავით უსუფაშვილი.
ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, საკანონმდებლო
ორგანოს შენობა დღეს, კოალიციის სხვა წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.
„პირველი სხდომა ჩატარდება აქ და პარლამენტი იფუნქციონირებს,
თუმცა საკანონმდებლო ორგანო იქ უნდა იყოს, სადაც მთავრობაა,“ – აცხადებს ახალი მოწვევის
პარლამენტის დეპუტატი ზვიად ძიძიგური.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე