|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელი მაღაროლეები ინვესტორის წავლას ითხოვენ

ჭიათურაში მაღაროელები მე–3 დღეა აქციებს მართავენ.  გაფიცულების მოთხოვნას „ჯორჯიან მარგანეზის“ ჭიათურიდან წასვლა და ქარნის ხელმძღვანელობის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა წარმოადგენს.

„აქციები თვეებიც რომ გაგრძელდეს, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავიშლებით. ინვესტორი, რომელმაც „ჭიათურ მანგანუმი“ კაპიკებად იყიდა და ჩვენს ხარჯზე მილიონები იშოვა, აქედან უნდა წავიდეს.  ხელოვნურად გვიქმნიან  ბარიერებს და სოფლებში  ავტობუსებს არ უშვებენ ხალხი რომ არ მოვიდეს აქციაზე. მაგრამ ფეხით მოდიან. ჩვენ მარტო არ ვართ და კიდევ გვემატებიან მუშები ზესტაფონიდან და რუსთავიდან.  ჭიათურაში შვიდი მაღაროა და შვიდივე გაჩერებულია. ჩვენ შევწყვიტეთ მოლაპარაკებები საწარმოს ხელმძღვანელობასთან და არავითარ შემთხევაში არ განვაახლებთ. ავიყვანეთ ადვოკატები და ისინი მიხედავენ საქმეს,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა  გულთამზე  ჩუბინიძე.

გაფიცული მაღაროელების განცხადებით,  ისინი სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების გაცნობას ითხოვენ, რადგან როგორც ამბობენ, ინვესტორმა  ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„ჩვენი შრომით მაგათ მილიონები იშოვეს. გუშინ ჩვენს მიერ  მოპოვებული მანგანუმის გატანა უნდოდათ, მაგრამ სარკინიგზო ხაზი გადავკეტეთ.  აქამდე გვაშინებდნენ და მონებს გვიწოდებდნენ. ახლა ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს,“ - ამბობს გულთამზე  ჩუბინიძე.

„ჯორჯიან მარგანეზის“ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ, გაფიცულ  მაღაროელებთან მოლაპარაკებების გასანახლებლად მზად არიან.

„ჩვენ გვინდა მალე დასრულდეს ეს ყველაფერი. მათ მიერ დასახელებული მოთხოვნებიდან უმრავლესობა უკვე შესრულებულია, თუმცა  მათ ეს რატომღაც არ იცოდნენ. ინვესტორი აქედან რომ წავიდეს, მათ ვინ გადაუხის ხელფასებს? აუცილებელია, მუშები დაწყნარდნენ და კონსტრუქციულ ჩარჩოებში მოთავსდეს ვითარება,“ - ამბობს  „ჯორჯიან მარგანეზის“ პრესსამსახურის წარმოამდგენელი მაკა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ მაღაროელებმა აქციები 2 დრის წინ დაიწყეს. ისინი თავდაპირველად ხელფასების ზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე