გაფიცულ მაღაროელებს თინა ხიდაშელი შეუერთდა
ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ახალი მოწვევის პარლამენტის
დეპუტატი თინა ხიდაშელი შეუერთდა. როგორც ხიდაშელმა გაფიცულებთან საუბრისას აღნიშნა,
ის მათთან მივიდა არა თანაგრძნობის გამოსახატავად, არამედ, მუშების დასახმარებლად.
ხიდაშელის განცხადებით, ის აპირებს შეხვდეს „ჯორჯიან მარგანეზის“ადმინისტრაციას, თუმცა, „მანამდე
მე მინდოდა პირადად თქვენგან მომესმინა ის მოთხოვნები, რომელიც საწარმოს ხელმძღვანელობის
მიმართ გაქვთ. მინდა იცოდეთ, რომ თქვენს გვერდით ვდგავართ. არჩევნები რომ დასრულდა,
ეს იმას არ ნიშნავს ჩვენ დავიკარგეთ. ვაპირებთ, თქვენი უფლებები ბოლომდე დავიცვათ,
ვიდრე თქვენი ყველა მოთხოვა არ იქნება დაკმაყოფილებული,“ – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელისა და „ჯორჯიან მარგანეზის“ადმინისტრაციის შეხვედრა დღეს,
13:00 საათზე გაიმართება. მანამდე, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ჭიათურის მაჟორიტარ
დეპუტატთან, მალხაზ წერეთელთან და და თინა ხიდაშელთან
გაივლიან მუშების მოთხოვნებს, რომელიც ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას
ითვალისწინებს.
ხოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ, თინა ხიდაშელი იმ
მაღაროს მონახულებას გეგმავს, სადაც მუშები მეორე დღეა მჯდომარე აქციას მართავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე