|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის მაღაროელთა საკითხებს სპეციალური კომისია შეისწავლის

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებსა და ჯორჯიან მარგანეზის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. თინა ხიდაშელის მონაწილეობით შეხვედრამ, რომელიც დაახლოებით სამსაათნახევარი გრძელდებოდა, მუშებისთვის სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, მნიშვნელოვან შედეგებამდე ვერ მივიდნენ, თუმცა, მხარეები შეთანხმდნენ ერთკვირიანი ვადის აღებაზე. რომლის განმავლობაში შეიქმნება კომისია, რომელიც მუშების მიერ დასახელებულ პრობლემურ საკითხებს (შრომის პირობების გაუმჯობესება, მაღაროს ტექნიკური გადაიარაღება) დეტალურად გაივლის.

რაც შეეხება ხელფასების ზრდას, აღნიშნულ საკითხზე ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ინვესტორი თანახმაა მუშების ხელფასი გაზარდოს 25%–ით, თუმცა ეს მოხდება საპრემიო თანხის ხარჯზე, რომელსაც მაღაროელები ხან იღებდნენ და ხან არა“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის წინ შეკრებილ მაღაროელებს თინა ხიდაშელმა მოლაპარაკების შედეგების გაცნობის შემდეგ, მათ ერთი კვირით აქციების შეწყვეტა შესთავაზა. ვიდრე ახალი ხელისუფლება გადაიბარებს ქვეყნის ხელმძღვანელობას.

თუმცა ხიდაშელის ამ შეთავაზებას მუშების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. როგორც მუშები აცხადებენ, გაფიცვის შეწყვეტისა და მაღაროში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ ძველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რის გამოც, აქციების შეწყვეტას არ აპირებენ.

საწარმოს უკრაინელი ინვესტორის ვლადიმერ ლოზინსკის თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი ის ვითარება, რომელზეც მუშები საუბრობენ. ლოზინსკის განცხადებით, თუკი ადმინისტრაციის მხრიდან მაღაროელთა მისამართით დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები არსებობს, ანონიმურად მიაწოდონ ის კომისიას, და იმ შემთვევაში, თუკი ყველა გარემოება დადასტურდება, ეს ადამიანები დატოვებენ თანამდებობას.

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს შესაძლებელს. ჩვენი მენეჯმენტი, რომელიც ახალი შემოსულია, იმედოვნებს, რომ ჭიათურა გახდება საქართველოს საუკეთესო დასაქმების ადგილი,“ – განაცხადა ვლადიმერ ლოზინსკიმ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე