|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემოვაჭრეების პროტესტი ქუთაისში და მათი მოდარაჯე მერიის თანამშრომლები

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე  გარემოვაჭრეებსა და მოვაჭრეებს შორის არსებული  დაპირისპირება დღეს, 20 ოქტომბერს, კიდევ უფრო გამწვავდა. ქალაქის მერია კი პრობლემასთან გამკლავების გზას მერიის თანამშრომლების მხრიდან ტერიტორიაზე მორიგეობაში ხედავს.     

ჭავჭავაძის გამზირზე მომუშავე  გარემოვაჭრეები ქალაქის მერიას დარჩენილი საქონლის ამოყიდვის მიზნით,  1 ნოემბრამდე ვაჭრობის ნებართვასა და   ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მერიის წარმომადგენლები თავის მხრივ  აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს ადგილები უკვე შესთავაზეს, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

„სამი შვილის დედა ვარ. ოჯახი მყავს სარჩენი. ბანკის ვალებიც უნდა გავისტუმროთ. მერიამ ბაზრის უკან, რკინიგზის ლიანდაგებთან შემოგვთავაზა ადგილი. იქ ისეთი ადგილია კაცი არ გაივლის. მერია „გრანდ მოლის“ თანამშრომლების მხარესაა, რადგან ისინი ფულიანი ხალხი არიან,“ - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ლუბა დიაკონიძე.

გარემოვაჭრეები სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ თანამშრომლების მხრიდან  მათი მისამართით განხორციელებულ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ.  მათი თქმით, სავაჭრო ცენტრში დასაქმებულების მხრიდან ხშირია მსგავსი ქმედება.  გარემოვაჭრეთა ბრალდებებს უარყოფს სავაჭრო ცენტრის  ადმინისტრაცია.

„არავის არავინ უცემია. სამედიცინო დასკვნა მომიტანოს ვინმემ, რომ ადამინი იყო ნაცემი. უნდა აილაგმოს ეს ყველაფერი. 15 000 ლარი მაქვს შუქის ფული გადასახდელი და ჩემი მაღაზიები ვერაფერს ვაჭრობენ,“ - ამბობს „გრანდ მოლის“ დირექტორი ნესტან დანელია.

გარემოვაჭრეებსა და მოვაჭრეებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ჭავჭავაძის გამზირზე მერიის თანამშრომლები მორიგეობას დააწესებენ.  დღეს, ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებოდნენ.   ქალაქის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის ვასილ მებურიშვილის განცხადებით, კანონი მოვაჭრეების მხარესაა. როგორც მებურიშვილი განმარტავს, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია და მერიაც ამ კანონს დაიცავს.

„ჩვენ მათ შევთავაზეთ კეთილმოწყობილი ფართები „მაკდონალდსის“ უკან, თუმცა უარი მივიღეთ. გარდა ამისა, ისიც ვუთხარით, რომ თვენახევრის განმავლობაში ფულს არ გადაიხდიდნენ. მერიას ყოველდღიურად ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბაზრობაზე დასაქმებული პირები აკითხავენ და დახმარებას სთხოვენ. ადგილზე იმორიგევებენ მერიის თანამშრომლები ვიდრე მოვაჭრეებს არ მოწყინდებათ და არ წავლენ. რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელია,“ - ამბობს ვასილ მებურიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ გარემოვაჭრეებმა ქალაქის მერიის წინ გამართეს აქცია და მერთან შეხვედრა ითხოვეს. ხოლო გუშინ, 19 ოქტომბერს, ქალაქის მერს მოვაჭრეები შეხვდნენ, რომლებმაც მერისგან დახმარების პირობა მიიღეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე