|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეა წულუკიანი: „მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში ნგრევისთვის არ მოსულა“

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქუთაისში, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის  მიერ მუშაობის დაწყებას აფასებენ.  კოალიციის იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დღეს პირველად შეიკრიბა პარლამენტი, რომლის შემადგენლობა ქართველმა ხალხმა აირჩია და არა საარჩევნო ადმინისტრაციამ.

„ჩვენ ვართ უმრავლესობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის შენება წავა წინ.  ამავე დროს მოგვიწევს დიდი ტვირთის აღება და მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ნგრევისთვის არ მოსულა,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრობის კანდიდატი პრეზიდენტის იმ ინიციატივასაც შეეხო, რომლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქების ხელმძღვანელობა არჩევითი უნდა იყოს.

„მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია გამოირჩევა ფასადური განცხადებებით. მხოლოდ არჩევითობა არ კმარა. ქალაქებს უნდა ჰქონდეთ ფინანსური რესურსი ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად,“ – ამბობს თეა წულუკიანი.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე