|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი თევდორაძე: „რაც პარლამენტის გარეთ ხდებოდა, იმაზე დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს“

პარლამენტში „ნაციონალების“ სიით მოხვედრილი დეპუტატის  გიორგი თევდორაძის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტია.  ახალი პარლამენტის, მთავრობისა და  უმრავლესობის შეფასებას კი თევდორაძე დროსა  და ხალხს ანდობს.

„თვითონ სხდომამ  ნორმალურ, კონსტრუქციულ  გარემოში ჩაიარა, თუმცა დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს, იმაზე  რაც გარეთ ხდებოდა,  ასევე, პრეზიდენტის მოსვლის დროს ფეხზე არ ადგომით.  მე ვფიქრობ, ქუთაისში სხდომის ჩატარება მნიშვნელოვანი ფაქტია. თუ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი,  ამით მოგებული დარჩეაბა მთელი ქვეყანა,“  – ამბობს თევდორაძე.

გიორგი თევდორაძემ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული ინიციტივაც შეაფასა, რომელიც გუბერნატორების, ასევე, თვითმმართელი ქალაქების პირველი პირების არჩევას გულისხმობს. მისი თქმით, პირველი პირის ეს ინიციატივა მისასალმებელია.

„ჩვენი ქვეყანა დგას განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე. ამის ნათელი მაგალითი იყო ლეგიტიმურად ხელისუფლების გადაცემა მეორე ძალის ხელში. განვითარების ახალი ეტაპის ერთ–ერთი თანამდევი პროცესი იქნება არჩევითობა ყველა ეტაპზე. მე ვთვლი, რომ პირდაპირი წესით არჩეული მერები, გუბერნტორები გაცილებით ანგარიშვალდებული იქნებიან თავიან მოქალაქეებთან,“ – ამბობს გიორგი თევდორაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე