|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში გუბერნატორთან არსებული საკნონსულტაციო საბჭო შეიქმნება

იმერეთის ახალმა გუბერნატორმა ვახტაგ ბალავაძემ ქუთაისის მერიის თანამშრომლებთან პირველი შეხვედრა გამართა. ქუთაისის ახალ მერთან, ბესიკ ბრეგაძესთან ერთად, მან სამსახურის უფროსებისგან ქუთაისში მიმდინარე პროექტების შესახებ ზეპირი ანგარიში მოისმინა.

ვახტან  ბალავაძის თქმით, ქუთაისის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ქონდა, რადგან წლის ბოლო არის და ყველა მიმდინარე პროექტი უნდა დასრულდეს.

მერიის სამსახურის უფროსების განმარტებით, ყველა პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ვადებში დასრულდება.

„ასევე, დასაგეგმია, რა არის პრიორიტეტული მომავალ წელს. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ჩართული ბიუჯეტის შემუშავებასა და განხილვაში. ამისთვის, ქუთაისის მოსახლეობისთვის  კეთდება კითხვარები, დარიგდება ანკეტები და განიხილება ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით, თუ რას თვლის მოსახლეობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად“  – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

ახალი გუბერნატორის თქმით, მმართველობაში საზოგადოების ჩართულობის მიზნით, ასევე, შეიქმნება გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო საბჭო. „სადაც უნდა ჩავრთოთ საზოგადო მოღვაწეები და აქ მაცხოვრებლები. რადგან, ჩვენ თავს ვთვლით ვალდებულად მოსახლეობას არა მხოლოდ მივაწოდოთ ინფორმაცი პროექტების განხორციელების შესახებ, არამედ თავიდანვე ჩართულნი იყვნენ მათ დაგეგმაში, მათგან მოდიოდეს ინფორმაციები. ასევე, ვთავაზობთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ ამ საქმიანობაში, ეს შეიძლება იყო თვეში ერთხელ შეხვედრები მათთან“ – განაცხადა ბალავაძემ.

ახალი გუბერნატორის განმარტებით, ამ ეტაპზე ქუთაისში და ასევე, რაიონულ დონეზე საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. თუმცა, ბალავაძის განცხადებით, მოხდება მერიის სტრუქტურული ფორმირება. გუბერნატორის თქმით, იგეგმება ტერიტორიული ორგანიებისათვის უფლებამოსილების გაზრდა. „საჭიროა მათი ფუნქციონირება უფრო აქტიური გახდეს. იმისათვის, რომ მოსახლოება უფრო აქტიურად იყოს ჩართული საკუთარი ქალაქის მართვაში. მას არ უნდა ჭირდებოდეს მერიაში მისვლა იმისათვის, რომ ელემენტარული ინფორმაცია მიიღოს,“ – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.

რაც შეეხება ახალი გუბერნატორის მოადგილეებთან დაკავშირებით მოსალოდნელ ცვლილებებს, ვახტანგ ბალავაძის თქმით, მოადგილეებთან გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული.

ბალავაძე პრეზიდენტის  გუშინდელ ინიციატივასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მერის და გუბერნატორის თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს.  ვახტანგ ბალავაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია.

„არჩევითობა ზოგადად კარგია, რადგან როდესაც არჩეულია საჯარო მოხელე, ის პირდაპირ ვალდებულია მოსახლოების წინაშე,“ – აცხადებს ვახტანგ ბალავაძე.

 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე