|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით საგანელიძე: „ნაციონალები“ თვითონ აშინებდნენ ხალხს“

„ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალების“ იმ ბრალდებებს პასუხობენ, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლებაში მოსული კოალიცია დაშინებითა და მუქარით ცდილობს „ნაციონალი“  დეპუტატების გადაბირებასა და ამ გზით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებით, თუ რომელიმე დეპუტატმა უმცირესობის რიგები დატოვა, ეს მისი გადაწყვეტილებაა, ხოლო ამ გადაწყვეტილების მიზეზი „ნაციონალებმა“ საკუთარ თავში უნდა ეძებონ.

„თუ უმცირესობის რიგებიდან ვინმე გადის, ეს უმცირესობის პრობლემაა. ჯერ ერთი, ის დეპუტატები, რომლებმაც „ნაციონალები“ დატოვეს, ჩვენთან არ შემოსულან და როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, ისე გააგრძელებენ საქმიანობას. მეორეც, შეიძლება უმრავლესობაში შემოსვლის სურვილი  ბევრს ჰქონდეს, მაგრამ ეს ასე ადვილი არ არის, რადგან  უმრავლესობის კარი ყველასთვის ღია არ არის. „ნაციონალები“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს თვითონ აშინებდნენ ხალხს და მათი მუქარის არავის შეშინებია. ჩვენ აზრად არ მოგვივა ასეთი სისულელის გაკეთება,“ - ამბობს დავით საგანელიძე.

უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა „ოცნების“ მხრიდან დაშინების ფაქტები დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე