გაფიცული მაღაროელები და ინვესტორი უკვე ორი საათია შეთანხმებას ცდილობენ
ამ წუთებში ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში, მჯდომარე
აქციის მონაწილეებთან უკრაინელი ინვესტორი ვლადიმერ ლოზინსკი მოლაპარაკებებს მართავს.
მოლაპარაკებები დაახლოებით ორი საათია მიმდინარეობს.
გაფიცული მაღაროელების განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზის“
გენერალური დირექტორის, ვლადიმერ ლოზინსკის ვიზიტი მათთვის მოულოდნელი იყო. როგორც
მუშები ამბობენ, ლოზინსკი მაღაროზე 20-25 კაციანი შემადგენლობით მივიდა.
„მაღაროში ახლა 8 ადამიანი იმყოფება. თავიდან ათი იყო,
თუმცა ორი ცუდად გახდა. მუშები შიმშილობდნენ, მაგრამ გუშინ შეწყვიტეს შიმშილობა. აქ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი იყო ჩამოსული, რომელმაც სთხოვა
მუშებს ამის გაკეთება. ველოდებით, რა შეთანხმებას მიაღწევენ მუშები და ინვესტორი. აქამდე
ტრესტის ადგილობრივი ხელმძღვანელობა გაქცეული იყო. ახლა ნაწილი გამოჩნდა. ჩვენ დაშლას
არ ვაპირებთ. პირიქით, ხალხი იმ დღეში არის, ქალები ფიქრობენ შიმშილობის დაწყებას,“
- ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მუშა გაიოზ იობაშვილი.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი ქალაქში იმყოფება, დარჩენილი
ნაწილი კი მაღაროებზე არიან გადანაწილებული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე