ქუთაისში 2013 წლის საბიუჯეტო კალენდარი გამოიცა
ქუთაისის 2013
წლის საბიუჯეტო კალენდრის პრეზენტაცია გამართა დღეს, 24 ოქტომბერს, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“
იმერეთის რეგიონალურმა
წარმომადგენლობამ. საბიუჯეტო კალენდარი ორგანიზაციამ პროექტის „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“ ფარგლებში
მოამზადა.
ქუთაისის მომავალი
წლის საბიუჯეტო კალენდრის პრეზენტაციას ადგილობრივ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებთან
ერთად, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების
წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე
აღინიშნა, 2013 წლის საბიუჯეტო კალენდრის შექმნის მიზანია, საზოგადოების მაქსიმალური
ჩართულობა და ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
პროექტის „ჩაერთე
შენი ქალაქის მართვაში“ დირექტორი და ამავე დროს, „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“
იმერეთის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი პაატა კლდიაშვილი განმარტავს, რომ მოსახლეობის ჩართულობა
საბიუჯეტო პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, „რადგან უკვე აქტიურ ფაზაში
შედის საბიუჯეტო პროცესები. ამიტომაც, აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება“,
- აღნიშნავს პაატა კლდიაშვილი.
პრეზენტაციაზე
მოწვეული ცენტარული ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია დაინტერესებულ
საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომელიც ბიუჯეტით ხორციელდება.
„ჩვენ ანგარიშვალდებულნი ვართ საზოგადოების წინაშე, ჯერ ერთი, იცოდნენ თუ რა კეთდება
და მეორე, ეს პროექტები იყოს გამჭვირვალე“, - განმარტა პრეზენტაციაზე საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ.
როგორც საქართველოს
მომავალი ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიჩნევს, თვითმმართველი ქალაქები უნდა განვითარდეს და
მოხდეს პროექტების განხორციელება არა ცენტრალური ხელისუფლების სურვილით და შეხედულებით,
არამედ, „თავად თვითმმართველმა ქალაქებმა უნდა გადაწყვიტონ თუ რა არის მათთვის მნიშვნელოვანი.
ამ პროცესებში მოსახლეობის თანამონაწილეობაც
არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს პროექტი ამ
კუთხით ძალიან კარგი და მნიშვნელოვნად საინტერესოა“, - განმარტა დავით ნარმანიამ.
2013 წლის საბიუჯეტო
კალენდარში აღნიშნულია ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების მომზადების თარიღები. კალენდარში
ასევე, მითითებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თარიღებიც.
პროექტი „ჩაერთე
შენი ქალაქის მართვაში“ და პროექტის ფარგლებში შედგენილი ადგილობრივი საბიუჯეტო კალენდარი მოიწონა საქართველოს
პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმაც.
„ეს პროექტი ხელს
შეუწყობს ბიუჯეტის გამჭვირვალე მართვის პროცესებს, რომელიც მოსახლეობას აინტერსებს.
ახლადარჩეული პარლამენტი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ საკითხებით აუცილებლად დაინტერესდება“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.
შეხვედრაზე ქუთაისის
მერმა ბესო ბრეგაძემ 2013 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესებში ნებისმიერი დაინტერსებული
პირის თუ ორგანიზაციის მონაწილეობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
პროექტს „ჩაერთე
შენი ქალაქის მართვაში“ „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ იმერეთის წარმომადგენლობა
ქუთაისის მასშტაბით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს, ადგილობრივი მოსახლეობის
გააქტიურებას და მოქალაქეთა ინფორმირებას თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი
ბიუჯეტის შესახებ. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას
სამოქალაქო მონიტორინგის მიზნით.
ავტორი: თეკლა მორგოშია