|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცულ მაღაროელებსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები ისევ ჩაიშალა

ჭიათურაში, გაფიცულ მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალურ დირექტორს  შორის შეთანხმების მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. როგორც მუშები აცხადებენ, მოლაპარაკების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.

„ჯორჯიან-მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ვლადიმერ ლოზინსკი შეთანხმების მიღწევას დღეს იმ მუშებთან ცდილობდა, რომლებიც ითხვისის მაღაროში არიან და მჯდომარე აქციას მართავენ. თუმცა მუშების განცხადებით, ინვესტორს მათთვის ახალი პირობები არ შეუთავაზებია.

„საუბარი იყო იგივე პირობებზე. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით არაფერი მნიშვნელოვანი არ უთქვამს. უკვე 11 დღეა გაფიცულები ვართ, თუმცა შედეგი არ ჩანს,“ - ამბობენ მუშები.

გაფიცულებთან შესახვედრად დღეს ჭიათურაში იმყოფებოდა „ჯორჯიან-მანგანეზის“ ერთ-ერთი აქციონერი რომან ფიფია. ასევე, ეკონომიკის  მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი. მაჟორიტარის განცხადებით, გაფიცულ მუშებს იმ კომისიის იმედი აქვთ, რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას და ჭიათურის მაღაროებში არსებული ვითარება გამოიძიოს.

„მუშების მოთხოვნას თავიდანვე ხელფასების მატება წარმოადგენდა და ბოლომდე ასე რჩება. ხელფასების მატების საკითხში შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს, თუმცა მას იმის უფლება არ აქვს  კერძო კომპანიას ხელფასების გაზრდა აიძულოს,“ - ამბობს მალხაზ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი შეთავაზება, რომელიც „ჯორჯიან- მანგანეზის“ ადმინისტრაციამ მუშების მისამართით გასულ კვირას გააკეთა, ხელფასების 25%-იან მატებას გულისხმობს. ინვესტორი მაშინ აცხადებდა, რომ გაფიცულთა ხელფასების მეტად გაზრდის საშუალება არ ჰქონდა.

„ჯორჯიან-მანგანეზის“ ადმინისტრაციაში დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ კომენტარს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ მოგვიანებით გააკეთებდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე