|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ იმსახურებს ახალი მთავრობიდან უმცირესობის სიმპათიას?

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ბიძინა ივანიშვილის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.  უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით,  ის ივანიშვილის მთელი  გუნდისადმი კეთილგანწყობილი არ არის, თუმცა დიდი სიმპათია გააჩნია შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ.

„იმიტომ, რომ მან თქვა ის, რაც ჩვენთვის ძვირფასია.  მან თქვა, რომ რაც გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, არის ძალიან კარგი. მან ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რაც გვაქვს ჩვენ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით.  მან თქვა, რომ არ დაუშვებს ქურდების უკან დაბრუნებას და მათ გაპარპაშებას. კარგია, თუ მისი სიტყვები იქნება გულწრფელი. ღარიბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ არ მოახდენენ პოლიციიის პოლიტიზაციას, თუმცა ჩვენ გვაკრიტიკებდა ამაში. არ ვეთანხმები, მაგრამ ამაზე არ ვიკამათებ. თუ ჩვენ დროს ეს ასე იყო, ჩვენი პოლიცია  ხალხში ავტორიტეტით სარგებლობს და თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაგას რა სჯობია.  მთავრობის მთელი კაბინეტისადმი ჩვენ უნდობლობითა და კრიტიკულად ვართ განწყობილი.  კარგი განცხადებების ან იდეების მქონე ერთი მინისტრი ვერ შეცვლის ამას, თუ მთელი სახელმწიფო მანქანა არ იქნა მიმართული სწორი მიმართულებით,“ - ამბობს გიორგი ბარამიძე.

ბარამიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ორი რამ: ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია და სიღარიბის ჭაობიდან ამოყვანა. თუმცა ბარამიძის თქმით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისთვისაც ხმა მისცა ქართველმა ხალხმა „ქართულ ოცნებას“, კოალიციის სამოქმედო პროგრამაში ან საერთოდ არაფერი არის ნათქვამი ან კიდევ „მეოცნებეები“ ვადებს არ აკონკრეტებენ.

ახალი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხებზე დეპუტატები პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე ამ წუთებშიც მსჯელობენ. სხდომაზე, რომელიც 12:00 საათზე დაიწყო, პრენიერ–მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი ახალი სამთავრობო პროგრამით – „ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის“ წარსდგა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე