|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოიტყუა თუ არა გიორგი თევდორაძემ?

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, საპარლამენტო უცირესობის წარმომადგენელმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ უმრავლესობას გაცემული დაპირებები შეახსენა და მათ შესასრულებლად კონკრეტული ვადები მოითხოვა.

„ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში, ალბათ, სავსებით ნორმალურია იმ დაპირებების შესრულება, რაც თქვენ უხვად გქონდათ გაცემული წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი და ეს ნამდვილად არ არის მცირე ნაწილი, მოუთმენლად ელოდება საწავავის ფასისა და ტარიფების გაიაფებას. მე გუშინ დავსვი შეკითხვა ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, როდის მოხდება და რამდენი პროცენტით, თუმცა პასუხი ვერ მივიღე,“ - განაცხადა თევდორაძემ.

უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, მან ვერც იმ კითხვებზე მიიღო პასუხი, რომელიც ქუთაისში მიმდინარე წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და ნიკეას ნაგავსაყრელის კონსერვაციას ეხებოდა.

„125 მილიონია მინიმუმ საჭირო წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის დასასრულებლად. ჩვენ 200 000 დავხარჯეთ ნიკეას ნაგავსაყრელის წინასაკონსერვაციო სამუშაოებისათვის, რომელიც ქუთაისის ეკოლოგიური კატასტროფის ცენტრს წარმოადგენს. ვერანაირი კონკრეტიკა ვერ მივიღე მე ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატთან, ბატონ დავით ნარმანიასთან შეხვედრაზე, რომელმაც განაცხადა, რომ მხოლოდ ის პროექტები გაგრძელდება, რომელიც დაწყებულია მიმდინარე წელს. თქვენს რიტორიკაში იყოს მეტი კონკრეტიკა სამომავლოდ იმიტომ, რომ ამ კონკრეტიკას ელოდება თქვენი ამომრჩეველი,“ - განაცხადა გიორგი თევდორაძე. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მომავალი მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით, გიორგი თევდორაძემ მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ მისგან ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღო.

„მე ავუხსენი ბატონ თევდორაძეს, რომ ეს პროექტები არ შეჩერდება. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც გეგმაშია, გაგრძელდება. ამიტომ, მე მინდა დავამშვიდო გიორგი თევდორაძე,“ - ამბობს დავით ნარმანია.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე