|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მონიტორინგის პირველადი შედეგები – რა ხდება გეგუთისა და ქუთაისის ციხეებში?

პატიმართა შერყეული ჯანმრთელობა, არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება, უხარისხო კვება და არასათანადო კომუნიკაცია გარესამყაროსთან – ეს იმ მწვავე პრობლემების  არასრული ჩამონათვალია, რომელიც ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ქუთაისის #2 ციხესა და გეგუთის  #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკვეთეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულების საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭოს ორმა წევრმა გეგუთის კოლონიასა და ქუთაისის #2 ციხეში ვიზიტი მიმდინარე წლის 24–25 ოქტომბერს განახორციელა.

პირველადი მონიტორინგის შედეგებით გამოკვეთილი პრობლემები საბჭოს წევრებმა დღეს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

„პატიმრების უმეტესობა განიცდის ჯანმრთელობის შერყევის მძიმე ფაქტებს. მათი უმეტესობა სამედიცინო მომსახურებას მოითხოვს, თუმცა ჩვენი მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისის მე–2 ციხეში არც მედპერსონალია საკმარისი და ვერც მედიკამენტებით უზრუნველყოფა ხერხდება.  რის გამოც ეს ადამიანები სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებენ. ქუთასის მე–2 ციხეში ერთი პატიმარი აცხადებს მშრალ შიმშილობას. ის მოითხოვს სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას“  –აღნიშნა მონიტორინგის საბჭოს წევრმა, გაზეთ „ახალი გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა, ია ბობოხიძემ. რომელთან ერთად, პირველადი მონიტორინგი ქუთაისის და გეგუთის სასჯელაღსურლების  დაწესებულებაში,  მანანა  მანაგაძემ (სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრი „არგუსის“ თავმჯდომარე) განახორციელა.

 „გეგუთის კოლონიაში კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობაა პატიმართა ჯანმრთელობის კუთხით. კოლონიაში 7 პატიმარს აღენიშნება აივ ინფექცია, მათი უმეტესობა არის ტუბერკულიოზითა და C ჰეპატიტით დაავადებული. თუმცა მათი იზოლირება და სათანადო პირობებში გადაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება,“ – ამბობს ია ბობოხიძე.

ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სააფთიაქო ქსელი მონოპოლიზირებულია. ადგილზე  მხოლოდ „ავერსის“ აფთიაქი ფუნქციონირებს და ისიც კვირაში სამი დღე მუშაობს.

„თუ პატიმარს სხვა დღეებში დასჭირდა წამალი, მან უნდა დაიცადოს, როდის გაიღება აფთიაქი,“ – ამბობს საბჭოს წევრი მანანა მანაგაძე.

მონიტორინგის ჯგუფის წევრების თქმით, სააფთიაქო ქსელის მსგავსად, მონოპოლიზირებულია ცეხში კვების მომსახურება,  რომელსაც შპს „ქართული კვება“ ახორციელებს, ტენდერის შედეგად. თუმცა, მათი მომსახურებით, პატიმრები უკმაყოფილებას გამოხატავენ. პატიმრების თქმით, საკვები, რომელსაც მათ აწოდებენ უხარისხო და საჭმელად უვარგისია. რის გამოც, ბევრი მათგანი მის მიღებაზე უარს ამბობს.

უმეტესობა ცდილობს, კომერციულ საკვებ ობიექტებში შეიძინონ საკვები, რაც გაცილებით ძვირია“ – ამბობს მანანა მანაგაძე.

„პატიმრები ოცნებობენ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევზე, რადგან ამ დღეებში ციხეში საკვები საპატრიარქოს შეაქვს,“ – ამბობს ია ბობოხიძე.

ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრები სასჯელაღსულების დაწესებულებებში გამოკვეთილ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობენ. მათი თქმით, პატიმრებს გარესამყაროსთან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ.

„არის „პელიკომის“ ბარათები, რომელსაც ფაქტიურად ვერ იყენებს პატიმარი რაციონალურად. რადგან 15 ლარიანი ბარათით თვეში მხოლოდ ორი ზარის განხორციელების (ორ სატელეფონო ნომერზე დარეკვის) უფლება აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბარათზე თანხა რჩებათ. გარდა ამისა, პატიმრობის კოდექსთან და საერთაშორისო ნორმატივებთან შეუსაბამოა აკრძალვები დეპარტამენტის მხრიდან, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ უნდა მიიღონ აუცილებლად თეთრი ფერის თეთრეული, ამანათების რაოდენობა არის ძალინ შეზღუდული, ასევე, მხოლოდ ორი ცალი ფოტოსურათი შეიძება გადაეცეს პატიმარს ახლობლისაგან, (ბრძანებულება #32, 2012 წლის 2 მარტი),“ – აცხადებენ საბჭოს წევრები.

მათი თქმით, მასიური ხასიათის მოვლენაა საერთო რეჟიმიდან მკაცრ რეჟიმზე გადაყვანა. პრობლემაა პატიმართა გადანაწილება რეჟიმის ტიპის მიხედვით, ასევე, საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით.

ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრების განცხადებით, პატიმრები მათთან საუბარში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზეც საუბრობდნენ.

„წამების ფაქტებს ადასტურებენ. ამბობენ, რომ ჯოჯოხეთი გამოიარეს და ახლა უკეთ არიან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემა მოწესრიგებულია,“ – აცხადებს მანანა მანაგაძე.

„ჩვენ შევხვდით რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ზეწოლის შედეგად ფიზიკურად არიან დაზარალებულები. ერთ–ერთი პატიმარი იყო არასრულწლოვანი, როდესაც მოხვდა ქუთაისის #2 საპრობილეში. 2009 წლის 6 ივნისს განხორციელებული ბუნტის შედეგად, სპეცნაზი როდესაც შევიდა, მან მიღო ძალიან მძიმე დაზიანება, წელსქვევით მოწყდა, აქვს ყურის ბარაბანი დაზიანებული,  საიდანაც დღემდე სითხე გამოსდის, ასევე, აქვს ცხვირი გატეხილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შერყეული,“  – ამბობს ია ბობოხიძე.

მონიტორინგის საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ბევრი პატიმარი მათი საქმის გადახედვას ითხოვს. აღნიშული მოთხოვნით, ქუთაისის  # 2 ციხეში  ერთ პატიმარს პირი აქვს ამოკერილი.

„ასევე, უნდა მოხდეს პოლიტპატიმრის კვალიფიკაციის მინიჭება. გეგუთის კოლონიაში არის სამი მსჯავრედებული, რომლებიც აცხადებენ, რომ ისინი ძველი ხელისუფლების პირადი პატიმრები არიან,“ – ამბობს მანანა მანაგაძე.

სასჯელაღსრულების დაწესებულებების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის ქუთაისელი წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ციხეებში მათ მონიტორინგს სისტემატიური ხასიათი ექნება. საბჭოს წევრები ქუთაისისა და გეგუთის სასჯელაღსულების დაწესებულებაში მონიტორინგს თვეში 2–ჯერ გეგმავენ. ხოლო მომავალ კვირას ისინი ხონში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში შესვას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგის დროებითი საბჭო სასჯელასღულების მინისტრის გიორგი ტუღუშის ბრძანების საფუძველზე, დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა. საბჭო მთელი საქართველოს მასშტაბით 51 ადამიანს აერთიანებს. რომელთაც 2013 წლის 31 ინვრამდე , (ვიდრე კანოში შესაბამისი რეგულაცია არ გაჩნდება) საქართველოს ყველა სასჯელაღსრულების  დაწესებულებაში 24–საათიან მონიტორინგის უფლება აქვთ. მონიტორინგის ჯგუფი საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის შექმნილი.

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის შექმნას  წინ უძღვოდა სხვადასხვა საზოგადოებრივი მოძრაობების მიერ განხორციელებული აქტივობები, რაც ციხეებში პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პროტესტითა და ციხეებში შესვლის მოთხოვნით გამოიხატებოდა.

საპროტესტო აქციებსა და ზემოთაღნიშნულ მოთხოვნაში აქტიურად იყო ჩართული ქუთაისში, დროებით შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა „შეაჩერე აქტი“. საზოგადოებრივი მოძრაობის წევრებმა პატიმართა წამების წინააღმდეგ გამართული 10 დღიანი აქციების შემდეგ, მინისტრის სახელზე სწორედ ციხეებში შესვლისა და იქ მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნით განცხადება გაგზავნეს.

ამ დროისათვის ქუთაისის #2 ციხეში 1350 პატიმარია. აქედან 1266 – მსჯავრდებულია, ხოლო 84 – ბრალდებული.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე