|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძალოვნებისგან „დასჯილმა“ ქუთაისელმა მძღოლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში მომუშავე კერძო მიკროავტობუსების მძღოლები მათი კუთვნილი მართვის მოწმობების დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მძღოლებმა დღეს, პარლამენტთან აქცია გამართეს.

მძღოლების განცხადებით, საპატრულო პოლიციამ მათ მართვის მოწმობები გასული წლის მაისში, 3 წლის ვადით  ჩამოართვა.  საბუთების ჩამორთმევის ოფიციალურ მიზეზად ძალოვნებმა მძღოლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, დაუმორჩილებლობა,  ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და მიკროავტობუსების ძებნაში ყოფნა გამოაცხადა. არაოფიციალურად, კი სამართალდაცავებმა ამ მეთოდით მძღოლებს 2011 წლის მაისში, თბილისში მიმდინარე საპროტესო აქციებზე წასვლა აუკრძალეს.

„ქუთაისში დაახლოებით 50–მდე მძღოლია დაზარალებული, მეტი თუ არა. მაინცადამაინც საპროტესტო აქციების დღეებში აღმოაჩნდა ყველას დარღვევები. ზოგს სამარშუტო ხაზებიდან მოუხსნეს სატრანსპორტო საშუალება, ზოგს სახლში მიაკითხეს და საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანეს მანქანები, სადაც საწვავის ავზებში სილები ჩაყარეს. ამის გამო, „მატორები“ ყველამ გამოცვალეთ,“ – ამბობს მძღოლი მერაბ როხვაძე.

სამართალდამცავებისაგან „დასჯილი“  მძღოლების განცხადებით, მათ  ვითარების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაკითხეს, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. მძღოლები დახმარებას ამჯერად ახალ ხელისუფლებას სთხოვენ. ისინი იმასაც განმარტავენ, რომ ძალოვნებმა  მათ სხვა ოქმზე მოაწერინეს ხელი, ძალოვან უწყებაში კი მძღოლებს სხვა ოქმები აჩვენეს.

„მართვის მოწმობები რომ ჩამოგვართვეს, გვითხრეს, ეს ზემოდან არის ნაბრძანები. ოქმს ხელს თუ არ მოაწერთ, ჯერ 2–თვიან წინასწარ პატიმრობას მოგცემთ, მერე 6 თვიანს,  საბოლოოდ, საპროცესო შეთანხმების  გაფორმება, ფულის გადახდა მოგიწევთ და 3–წლიანი „ლიშენია“ მაინც არ აგცდებათო. ყველას  ბანკის ვალები  გვაქვს აღებული, მუშაობა გვინდა და ვერ ვმუშაობთ,“ – ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე, მძღოლი კონსტანტინე ლილუაშვილი. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე