|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისისთვის სოციალურ–ეკონომიკური პასპორტი მზადდება

ქუთაისს უახლოეს მომავალში სოციალურ–ეკონომიკური პასპორტი ექნება. პასპორტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს, ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურისა და ქალაქის მერთან არსებული  სტრატეგიული განვითარების საბჭოს მიერ.

პრეზენტაციაზე, პასპორტთან ერთად, ქალაქის  საშუალოვადიანი – 2013-2017 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაც წარადგინეს. შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის პროექტის „კარგი მმართველობის პროექტი საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა.

წარმოდგენილი პროგრამების მიზანი, ქალაქის სტრატეგიული განვითარების  გეგმის შექმნა და ასევე, 2013-2017 წლების პრიორიტეტების დასახვა გახლდათ.

„იმისათვის, რომ ქალაქს ჰქონდეს სტრატეგიული განვითარების გეგმა, ჯერ აუცილებელია პასპორტი. ამის შემდეგ კი, ბოლოსდაბოლოს, გვექნება გეგმა, რაც ქალაქის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა“, - განმარტა  ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა მალხაზ ჭრელაშვილმა. რომელიც ამავე დროს,    ქუთაისის  მერთან არსებული ქალაქის სტრატეგიული განვითარების  საბჭოს აღმასრულებელი მდივანია.

ადგილობრივი დემოკარტიის სააგენტოს საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის  სოსო ხახალეიშვილის განმარტებით,  ქუთაისის სოციალურ-ეკონომიკური პასპორტის  სამუშაო ვერიის შექმნაზე მიმდინარე წლის აგვისტიდან ამდრომდე  მუშაობდა,  ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, ექსპერტთა ჯგუფი და ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახური. პასპორტზე მუშაობის დასრულება 2012 წლის დეკემბრისთვის იგეგმება.

ქუთაისის სოციალურ–ეკონომიკურ პასპორტში შესულია ქალაქის ტერიტორიული ორგანოების რუკა, ქალაქის  გეოგრაფიული მდებარეობა,  მოსახლეობის რიცხოვნობა სქესისა და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სამრეწველო აქტივობა და სხვადასხვა ტექნიკური საკითხები. ხოლო, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან (2013-2017 წლები)  პროგრამაში ის შესაზლებლობები და აქტივობებია აღწერილი, რომელიც სამომავლოდ შეიძლება დაისახოს.

 „ამ დოკუმენტების მიზანია, მოხდეს  ქალაქის საშუალოვადიანი  პრიორიტეტების გამოვლენა და  მათი წარდგენა ქალაქის თვითმმართველობისათვის.  რათა ისინი აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში“, -  განმარტა  სოსო ხახალეიშვილმა. მისივე თქმით, სწორედ ქალაქის სტარტეგიული გეგმები და პრიორიტეტებია გათვალისწინებული დღეს წარდგენილ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2013-2017 წლების  პროგრამაში.

ქუთაისისათვის სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნის მიზანით, ჯერ კიდევ 2011 წელს შეიქმნა ქალაქის მერთან არსებული სტარტეგიული განვითარების საბჭო. საბჭო 15 წევრისგან შედგება. 7 წევრი ადგილობრივი თვითმმართველობიდან შეირჩა, ხოლო დანარჩენი წევრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადენლები არიან. საბჭოს თავმჯდომარე ქალაქის მაშინდელი მერი გიორგი თევდორაძე  გახლავთ. ქალაქის მერის შეცვლის გამო, ახალ თავმჯდომარეს საბჭო მორიგ სხდომაზე აირჩევს.

ავტორი: თეკლა მორგოშია