ქუთაისის მერიაში უხვად გაცემული ფულადი დახმარება იწურება
ქუთაისის მერიაში, ადგილობრივი საბიუჯეტო „მატერიალური დახმარების" პროგრამა იწურება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტიდან, რომელიც მთლიანობაში 495 400 ლარით განისაზღვრა, მხოლოდ 4 900 ლარია დარჩენილი.
ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნული დახმარების ერთიანი გაცემა წინსაარჩევნოდ მოხდა. რადგან, „საარჩევნოდ ძალიან ბევრი განცხადება იყო შემოსული. ის, რომ საარჩევნოდ მოხდა ამ დახმარებების გაცემა, შეიძლება ეს ბევრს სხვანაირად მოეჩვენოს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ პროგრამაში, ისევე, როგორც არც ერთ სოციალური დახმარების პროგრამაში, „საარჩევნო ფული" არ იყო არც ჩადებული და შესაბამისად, არც გაცემული. უბრალოდ, ყველამ წინასაარჩევნო პერიოდში დაწერა განცხადება", - განმარტავს ქუთაისის მერიის
ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახურის უფროსი კახა ქორიძე.
„მატერიალური დახმარების" პროგრამის ფარგლებში, ქალაქის მერიიდან წერილობით მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამდროისათვის გაცემულია 490 500 ლარი, რომელიც 2 842 ბენეფიციარზე გადანაწილდა.
„მერის სახელზე მიმდინარე წლის იანვარში დავწერე განცხადება, სადაც ფულად შემწეობას 100 ლარს ვითხოვდი. თუმცა, მხოლოდ 50 ლარი მომცეს", - ამბობს ქუთაისში, მალანიას ქუჩაზე მცხოვრები მედეა კუჭავა. როგორც კუჭავა ამბობს, მერიიდან ფულადი შემწეობა 50 ლარი, იანვარშივე მიიღო.
ადგილობრივ ბიუჯეტში, „მატერიალური დახმარების" პროგრამა უკვე რამოდენიმე წელია, ხორცილედება. სოციალური პროგრამა ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს, რომლით სარგებლობის უფლება მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვისაა შესაძლებელი.
პროგრამის ფარგლებში ფულადი შემწეობის მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი 50 ლარიდან 300 ლარის ჩათვლით განისაზღვრება.
აღნიშნული სოციალური პროგრამის ბიუჯეტი მიმდინარე წლის დასაწყისში 150 000 ლარს შეადგენდა. თუმცა, წლის განმავლობაში ადგილობრივ ბიუჯეტში შესული ცვლილებების შედეგად, პროგრამა 345 400 ლარით გაიზარდა, რომელმაც საერთო ჯამში, 495 400 ლარი შეადგინა.
პროგრამის ბიუჯეტის ზრდის შესახებ, თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ზრდა, მზარდ რესურსებთანაა დაკავშირებული. კახა ქორიძე აღნიშნავს, რომ პროგრამის ბიუჯეტის გაზრდა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. „შეიძლება იფიქრონ, რომ საარჩევნოდ გავზარდეთ პროგრამა. ამიტომაც, მიმდინარე წლის დამთავრებამდე პროგრამას დავამატებთ 20 000 ლარს", - აღნიშნავს ქორიძე.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს „მატერიალური დახმარების" პროგრამის ბიუჯეტი 143 500 ლარს შეადგენდა. ხოლო 2010 წელს (საარჩევნო წელი) პროგრამის ბიუჯეტი 180 000 ლარით იყო განსაზღვრული.
ავტორი: თეკლა მორგოშია