|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიელ „მეოცნებეებს“ მუნიციპალიტეტის პარალიზებაში ადანაშაულებენ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოლეგ ჯვარშეიშვილი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მუნიციპალიტეტში შეჭრას უწყების პარალიზების მცდელობად აფასებს. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა  და გამგეობის სამსახურები დღის განმავლობაში პარალიზებული იყო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის შენობაში შეჭრილი  „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“  წარმომადგენლები ადგილზე გამგებელს ეძებდნენ, რისთვისაც მათ შენობის ოთახები დაათვალიერეს. თუმცა ავთანდილ სტურუა იქ ვერ იპოვეს. გამგებლის კაბინეტში „მეოცნებეებს“ გამგებლის თანაშემწე დახვდათ, რომელმაც განაცხადა, რომ ავთანდილ სტურუას ადგილსამყოფელი არ იცოდა. თუმცა თანაშემწე მათ გამგებლის მოძებნას დაპირდა, რაზეც კოალიციის წარმომადგენლებისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ ისიც დაიკარგებოდა და არ გამოჩნდებოდა.  „მეოცნებეებმა“ გამგებლის კაბინეტის კარი აჭედეს. ისინი  ავთანდილ სტურუასათვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვდნენ.

„რაიონის პარალიზება თუ ვინმეს საარჩევნო პროგრამაში შედის, ეგ არ ვიცი.  90 კაცი დარბოდა  ტრანსპარანტებით ხელში და ყვიროდა გამგეობის შენობაში. ერთ–ერთ ტრანსფარანტზე ეწერა „ავ. სტურუა“, რაც ამ კონტექსტში შეურაცხმყოფელია. როდესაც დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, თუ ვინმე კანონდარღვევაზე საუბრობს, მაგისთვის არსებობს სასამართლო,“ – ამბობს ოლეგ ჯვარშეიშვილი.

სამტრედიის საკრებულოს წევრი  და „კონსერვატორების“ წარმომადგენელი კობა ძიძიგური იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კოალიციამ გამგეობის შენობაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.  მისი თქმით,  საკრებულომ ერთი კვირის წინ გამგებელი კანონდარღვევით აირჩია, ამიტომ, კოალიცია მის უფლებამოსილებას არ ცნობს.

 „დაახლოებით ერთი კვირის წინ საკრებულომ სხდომა გამართა, სადაც ყოფილი გამგებლის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იყო საუბარი. საკრებულოს თავმჯდომარემ შესვენება გამოაცხადა, ხოლ შესვენების დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ გამგებლის პოსტზე სტურუას განაცხადი შემოვიდა და რადგან შეკრებილი იყვნენ, აქვე აერჩიათ. ეს არის კანონდარღვევა,“ - ამბობს ძიძიგური.

მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე განამრტავს, რომ  „გამგებლის არჩევის დროს კანონით გათვალისწინებული  ყველა პროცედურა და ნიუანსი დაცული იყო,“ – ამბობს ოლეგ ჯვარშეიშვილი.

გამგეობის შენობაში შეჭრილმა კოალიციის წევრებმა შენობა დაახლოებით ორი საათის წინ დატოვეს. ისინი ვარაუდობენ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი ქუთაისში იმყოფება. თავად ავტანდილ სტურუა კი ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე