|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვახტანგ ბალავაძე: „სარდაფების დატბორვის პრობლემა 6 500–მდე ოჯახს მოეხსნება“

ქუთაისში, ქალაქის 3 ქუჩაზე ღვარსადენების სისტემის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ერთი თვით ადრე, 31 ნოემბერს დასრულდება – ამ პირობას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამუშაოთა მწარმოებლები დებენ. მათივე განცხადებით, სამუშაოების განხორციელების შემდეგ რეაბილიტირებული ქუჩების დატბორვა გამოირიცხება.

ქუთაისში, ღვარსადენების რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ფარგლებში  სამუშაოები სულხან–საბას, თაბუკაშვილისა და შარტავას ქუჩებზე  მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება, რომელიც დაახლოებით ორი თვის წინ დაიწყო,  მილიონნახევარ ლარს შეადგენს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ თანადაფინანსების პრინციპით ხორციელდება. 

„არავისთვის სიახლე არ არის, რომ ქუთაისში ღვარსადენების არარსებობა ყოველთვის ქმნიდა პრობლემას. იტბორებოდა სახლები.  სამუშაოების დასრულების შედეგად წყლის გუბეებისა და სარდაფების დატბორვის პრობლემა 6 500–მდე ოჯახს მოეხსნება,“ – ამბობს იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც დღეს, მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერთან ერთად დაათვალიერა.    

სამუშაოების მწარმოებელი ფირმის, შპს „მტმ“–ის  ხელმძღვანელის მევლუდ გეწაძის თქმით,  სამუშაოების შედეგად  რეაბილიტირებული ქუჩების დატბორვის საფრთხე არ იარსებებს, რადგან ნალექი სანიაღვრე მილებში მოთავსდება.

„სამუშაოები ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 30%–ს მოიცავს. იცვლება ის პრაქტიკა, როდესაც ჯერ გზები იგებოდა და შემდეგ ხდებოდა მილების ჩადება. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიწისზედა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა,“ – ამბობს მევლუდ გეწაძე.

სანიაღვრე სისტემების არარსებობას უკავშირებს მოსახლეობა უხვი ნალექის დროს დატბორილ ქუჩებს, ქალაქის ცენტრალურ მოედანს, საცხოვრებელ სახლებსა და სხვა დანიშნულების ობიექტებს.  აღნიშნული მიზეზით უხვი ნალექის დროს ქალაქში გადაადგილების პრობლემაც არის.

იმერეთის გუბერნატორის განცხადებით,  პროექტთან დაკავშირებით, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილების მიუხედავად,   ღვარსადენების  რეაბილიტაცია გაგრძელდება.  პროექტის მეორე ნაწილი მაისურაძის, ხარებავასა და ხუნდაძის ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ბალავაძის თქმით, მეორე ეტაპისათვის თანხების მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მოხდება.  

„ღვარსადენების სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ შესაძლებელი იქნება სხვა პროექტების განხორციელებაც. კერძოდ, გზებისა და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა,“ – ამბობს ვახტანგ ბალავაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე