|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატების ქუთაისში ცხოვრების ხარჯებს პარლამენტი დროებით დაფარავს

პარლამენტის დეპუტატებისა და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებისათვის ქუთაისში ცხოვრების ხარჯებს დროებით, პარლამენტი გაიღებს. როგორც დაწესებულების აპარატში აცხადებენ, პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება ბიუჯეტს მისი შენახვის ხარჯებს წელიწადში 5 მილიონით გაუძვირებს.

პარლამენტის აპარატის უფროსის ზურაბ მარაქველიძის თქმით, ქუთაისში ჩამოსულ დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს საცხოვრებლების მოძიება თავად მოუხდათ, რადგან ეს საკითხი ორგანიზებული არ იყო.

მარაქველიძის თქმით, მიმდინარე კვირაში პარლამენტი იმ დეპუტატების განცხადებებს იღებს, რომლებსაც ბინით უზრუნველყოფა ესაჭიროებათ.

კანონის მიხედვით, პარლამენტი საცხოვრებლის ხარჯებს დეპუტატს  იმ  შემთხვევაში  უნაზღაურებს, თუ ეს უკანაკნელი პარლამენტის ადგილსამყოფელ ქალაქში არ ცხოვრობს. მარაქველიძე იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ პარლამენტმა დეპუტატის საცხოვრებლის ხარჯი აანაზღაუროს. პირველ რიგში  ბინით დაკმაყოფილების  შესახებ პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი განცხადებით მიმართავს. განცხადებას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო იღებს. ამის შემდეგ  პარლამენტარსა და ბინის მეპატრონეს შოროს ხელშეკრულება ფორმდება. ნოტარიული წესით დამოწმებული  ხელშეკრულების საფუძველზე კი პარლამენტი დეპუტატისთვის ბინის ქირას გასცემს.

„პარლამენტარებმა ქუთაისში თვითონ მოძებნეს ბინები, რადგან დეპუტატების 99%–ს ქუთაისში საცხოვრებელი არ აქვს. თბილისში დეპუტატების დაახლოებით 20–30%–ს სჭირდებოდა ბინის ქირაობა. პარლამენტი ბინის ქირის ანაზღაურების მიზნით ერთ დეპუტატზე 667 ლარს გასცემს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით დაახლოებით 533 ლარს შეადგენს. თუმცა ქუთაისში ბინები საგრძნობლად გაძვირებულია. ზოგი დეპუტატი ბინაში 300 ლარს იხდის, ზოგიც – 300 დოლარს. ამ ეტაპზე პარლამენტში დეპუტატების ნაწილის განცხადებები შემოსულია. განცხადებების მიღება მიმდინარე კვირაში სრულდება,“ -  ამბობს ზურაბ მარაქველიძე.

პარლამენტის აპარატის უფროსის თქმით, დეპუტატების მსგავსად, საკანონმდებლო ორგანო აპარატის თანამშრომლების საცხოვრებლის ხარჯებსაც უზრუნველყოფს. როგორც მარაქველიძე ამბობს, აპარატში დასაქმებულთა 95 % ქუთაისში წამოვიდა, თუმცა ამ ადამიანებს ხელფასები უცვლელი დარჩათ და ბინის ქირაც საკუთარი ხელფასიდან
 უნდა დაეფარათ.

ამ ეტაპზე პარლამენტის აპარატში დაახლოებით 750 ადამიანია დასაქმებული. აპარატში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი - წამყვანი სპეციალისტის ანაზღაურება საშემოსავლოს დაქვითვის გარეშე 880 ლარია.

„ამ ხელფასით ეს ადამიანები ელემეტარული ბინის ფულსა და კვების ხარჯებს ვერ დაფარავდნენ, თორემ სხვა რამეზე არ არის საუბარი. მათ ოჯახები დატოვეს. სწორედ ამიტომ, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ მათი ცხოვრების ხარჯებიც აანაზღაუროს. ეს მოხდა დამატებითი ეკონომიკებისა და რეზერვების გამოყენების ხარჯზე. თუმცა, მომავალი წლიდან რა იქნება და ბიუჯეტი რის საშუალებას მოგვცემს არ ვიცი. ფაქტია, რომ პარლამენტის შენახვის ხარჯები პარლამენტარების ბინის ქირის უზრუნველყოფით თვეში 400 000 ლარით ძვირდება. რაც წელიწადში 5 მილიონი ლარია. ამას ემატება პარლამენტის კომუნალური გადასახადების ხარჯები, რადგან აქ ფანჯარა არ იღება და მთელი სისტემა ვინტილაციაზეა დამოკიდებული. დამატებით ხარჯებს იწვევს დეპუტატების საწვავისა და გადაადგილების საკითხი,“ – ამბობს ზურაბ მარაქველიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მოვლინებული პარლამენტარებისათვის საცხოვრებლების მშენებლობა თავდაპირველად წყალტუბოში იგეგმებოდა, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილიც შეარჩიეს. თუმცა არსებული ინფორმაციით, წყალტუბოში დეპუტატებისათვის სახლები აღარ აშენდება. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე