|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩიორა თაქთაქიშვილი: „ოცნება“ თვითმმართველობებში ზეწოლას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიმართ „ოცნების“ მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოების თავმჯდომარეებად და გამგებლებად საკუთარი კადრების დანიშვნა უნდა, რისთვისაც „ნაციონალების“  მიმართ ზეწოლას მიმართავს. ეს განცხადება ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს, პარლამენტში გააკეთა.

„ქართული ოცნება“ არ კმაყოფილდება საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვებით და უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ამის მაგალითია ფოთში, სამტრედიასა და რუსთავში განვითარებული მოვლენები. ფოთში საკრებულოს სხდომაზე შეიჭრა დეპუტატი ეკა ბესელია, სამტრედიაში გამგებელს კარი აუჭედეს, რუსთავში კი გამგებლის  იმპიჩმენტს ითხოვენ. ეს არის კანონდარღვევა, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 2010 წელს გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მას ჰყავს უმრავლესობა, “ - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.

თაქთაქიშვილმა დღეს ასევე, განმარტების გაკეთება მოსთხოვა უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს. როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა, მედიაში გავრცელდა  საგანელიძის განცხადება, რომლის მიხედვით, ეს უკანასკნელი ლინჩის წესით გასამართლებით  დაემუქრა საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც საკრებულოში „ოცნებისათვის“ მისაღებ კანდიდატებს არ დაუჭერენ მხარს. 

უმცირესობის წარმომადგენლის თქმით, ისინი მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ.

„ნაციონალებმა“ მსგავსი ტიპის განცხადება დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთეს, სადაც პარლამენტის დეპუტატებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობდნენ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე