|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში შექმნილი ჯგუფი პოლიტიკური პატიმრების საქმეებს შეისწავლის

15 ადამიანისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი იმ პირთა საქმეებს განიხილავს, რომლებიც თავს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებულ ჯგუფს 185 საქმის შესასწავლად ორკვრიანი ვადა მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო. უმცირესობამ კი პროტესტის ნიშნად გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და კომიტეტის სხდომა დატოვა.

კომიტეტის სხდომა დაახლოებით ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უმრავლესობა-უმცირესობის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. უმცირესობა დღის წესრიგში ცვლილებასა და ახალი საკითხის დამატებას ითხოვდა. კერძოდ, უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, დღის წესრიგში ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში მცხოვრები მუსლიმი ქართველების უფლებების დაცვის საკითხიც უნდა შესულიყო. რაზეც კომიტეტის თავჯდომარემ უმცირეობას უპასუხა, რომ ისინი სხდომის ჩასაშლელად იყვნენ მოსული.

„ის ხალხი, რომლებიც თქვენი რეჟიმის მსხვერპლია, ჩვენი მუშაობის შემდგომ გადაწყვეტილებებს ელოდება. თქვენ არ იწვევთ ჩემში იმხელა ნდობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რეაგირება მოვახდინო,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

უმრავლესობა-უმცირესობის დისკუსიაში სამოქალაქო სექტორიც ჩაერთო, რომლებმაც პროკურატურიდან პარლამენტში გადანაცვლებულ დავით საყვარელიძეს წარსული გაუხსენეს და განაცხადეს, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი მითითებით მოქმედებდნენ.

უმცირესობის წარმომადგენლებმა თავის მხრივ განაცხადეს, რომ   მათ არ სჯერათ „ქართული ოცნების“ და იმის,  რომ ისინი გულწრფელად შეძლებენ რაიმეს გამოკვლევას.  დავით საყვარელიძის თქმით, ისინი კომისიის შექმნას იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუ წინასწარ ეცოდინებოდათ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალი და ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვით პირი პოლიტიკურ პატიმრად ჩაითვლება.

„სხდომაზე ჩვენს ყოფნას აზრი არ ჰქონდა, რადგან ეს ყველაფერი წინასწარ დადგმულ სპექტაკლს ჰგავდა. მე ჯაშუშსა და სხელმწიფოს მოღალატეს ვერ ჩავთვლი პოლიტიკურ პატიმრად,“ - ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე.

უმცირესობის პროტესტის მიუხედავად, კომიტეტმა სამუშო ჯგუფის 13 წევრი დაასახელა, ხოლო დანარჩენი ორი ადგილი უმცირესობის ქვოტით უნდა შეივსოს. როგორც „მეოცნებეები“ აცხადებენ, ციხეში მყოფი პოლიტიკური პატიმრები გარეთ გამოსვლამდე საათებს ითვლიან, მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ამიტომ, ხელისუფლებამ დროულად უნდა იმოქმედოს. ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფს, რომლებიც პატიმრების გარდა, დევნილთა საკითხებსაც განიხილავს,  გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ ექნება. ჯგუფი ადამიანის უფლებათა კომიტეტისათვის იმ პირთა სიას მოამზადებს, რომლებიც სასჯელს პოლიტიკური ნიშნით იხდიან.

„ჩვენთვის ახლა მთავარია საზოგადოებას წარვუდგინოთ მყარი არგუმენტები, რომ ეს ადამიანები ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით არიან დევნილები. სამუშაო ჯგუფში ბევრი კომპეტენტური  ადამიანია და იმედი მაქვს ჯგუფიც, ასევე, კომპეტენტური იქნება,“- ამბობს  სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ნანა კაკაბაძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა