|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ახალ გამგებლად ყოფილი მაჟორიტარი ხმაურის ფონზე აირჩიეს

ხმაურით ჩაიარა დღეს, რიგგარეშე სხდომამ ზესტაფონის საკრებულოში, სადაც მუნიციპალიტეტის  ახალ გამგებლად კახა გეწაძე აირჩიეს.

ზესტაფონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის კახა გეწაძის გამგებლად არჩევას ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია. ისინი ზესტაფონის გამგეობის შენობის წინ დილიდან შეიკრიბნენ  და საკრებულოს სხდომაზე დასწრება მოითხოვეს.

ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ მასხარაშვილის  მიერ გეწაძის კანდიდატურის დაყენებამ მოსახლეობის გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია. მათ საკრებულოს თავმჯდომარეს სიტყვა რამდენჯერმე, შეძახილებით შეაწყვეტინეს  და მას კანდიდატურის შეცვლა მოსთხოვეს.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ,  მათ გამგებლად „ქრთული ოცნების“ წარმომადგენელი, დავით მაღრაძე სურდათ.

საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც „ქრთული ოცნების“  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ,  ზესტაფონის მაჟორიტარმა, „ოცნების“ წევრმა, გოგი ქავთარაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გაუქმება  და გამგებლის კონკურსის წესით არჩევა რამდენჯერმე შესთავაზა. რადგან მისი თქმით, სხდომა უკანონოდ, პროცედურული დარღვევებით დაინიშნა.

სხდომის მიმდინარეობისას, მოულოდნელად გამოჩნდა  საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი, რომელმაც ადგილი საკრებულის თავმჯდომარის გვერდით დაიკავა. ამის შემდეგ მოულოდნელად რამდენიმე წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენების დასრულებისთანავე,  საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვეტილება გამოაცხადა და გამგებლად კახა გეწაძე დანიშნა.

ფრაქცია „პროგრესული ზესტაფონის“ ლიდერის  კახა შავგულიძის (ყოფილი „მემარჯვენე“) თქმით, საკრებულოს  თავმჯდომარემ საბოლოო გადაწყვეტილება აკაკი მინაშვილთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. თუმცა, შავგულიძის ბრალდება მერაბ მასხარაშვილმა და აკაკი მინაშვილმა უარყვეს.

როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა, საკრებულოს სხდომა საჯაროა და მან საჯარო სხდომაზე დასწრების უფლებით ისარგებლა.

აღსანიშნავია ის, რომ სხდომა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. კახა შავგულიძემ დაგვიანების მიზეზი საკრებულოს მოუმზადებლობით ახსნა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარის, მერაბ მასხარაშვილის განცხადებით, ისინი გამგებლის თანამდებობაზე  კანდიდატების მიერ განცხადებების შეტანას ელოდნენ.

 „ქართული ოცნების“ მხრიდან ხდება მსგავსი არეულობები მთელი საქართველოს მასშტაბით. ისინი ამ გზით ცდილობენ მათი კადრები მოხვდნენ თვითმმართველობებში. ეს საბოლოოდ მათთვის ცუდად დასრულდება,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ისინი საკრებულოს მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეეგუებიან.ისინი წერილობით მიმართავენ სასამართლოს, ზესტაფონის საკრებულოს დღევანდელი სხდომის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი  გივი არაბიძე თანამდებობიდან გადადგა. არაბიძემ გამგებლის პოსტი 1 ნოემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ახალი გამგებლის არჩევის გამო საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო კადრებს newpress.ge უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა