|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ციხეში ერთმა პატიმარმა თვალები ამოიკერა

რამდენიმე საათის წინ, ქუთაისის #2 ციხეში პატიმარმა ნიკოლოზ ვარდოსანიძემ პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. პატიმარი სამკურნალო დაწესებულებაში (ე.წ "რეზბალნიცაში") დაბრუნებას ითხოვს, რომელიც დღეს დატოვა.

ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, სამოქალაქო დაცვის ცენტრ "არგუსის" თავმჯდომარემ, მანანა მანაგაძემ პატიმარი, მისივე მოთხოვნით უკვე მოინახულა. მანაგაძე აცხადებს, რომ ნიკოლოზ ვარდოსანიძე სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნების გარდა, ციხეში არსებული პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
"ჩვენ დაგვიკავშირდა ციხის ადმინისტრაცია და გვითხრა, რომ პატიმარს შეხვედრა სურდა. როგორც პატიმარმა გვითხრა, სამკურნალო დაწესებულება მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა და ახლა ისევ უკან დაბრუნებას ითხოვს. რადგან ციხეში სათანადო პირობები არ არის. რის გამოც, მან თვალები ამოიკერა," – აცხადებს მანანა მანაგაძე.
როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრს ციხის ადმინისტრაციამ განუცხადა, პატიმრის მოთხოვნა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე უკვე ორჯერ დააკმაყოფილეს. ხოლო ციხეში მისივე განცხადების საფუძველზე დააბრუნეს.
მანანა მანაგაძე აცხადებს, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან დღეს დაბრუნებული პატიმრის უკან გადაყვანა მარტივი პროცედურა არ არის. თუმცა, მანაგაძის თქმით, ორშაბათს, მონიტორინგის მიზნით, საბჭოს წევრები ქუთაისის #2 ციხეში კვლავ შევლენ და გაეცნობიან რამდენად დაკმაყოფილდა ამ დრომდე პატიმართა მიერ დაყენებული მოთხოვნები.
შეგახსენებთ, რომ მე–5 დღეა ქუთაისის #2 ციხეში 7 პატიმარი შიმშილობს. ისინი მონიტორინგის საბჭოს წევრებმა დღეს მოინახულეს. პატიმრები მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რეჟიმის შეცვლას და სამედიცინო მომსახურებას მოითხოვენ. 
ციხეების მონიტორინგის საბჭოს წევრების თქმით, ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრები, ასევე, სოლიდარობას უცხადებენ უკანონო პატიმრებს და თავს თავადვე უკანონო პატიმრებად თვლიან. აღნიშული მიზეზის გამო, პატიმრები მათი საქმეების გადახედვას მოითხოვენ.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა