|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცემით წელმოწყვეტილი პატიმარი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს

ამ წუთებში, გეგუთის საპყრობილედან ცემით წელმოწყვეტილი პატიმარი გადაიყვანეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. 18 წლის ნიკა ჩხობაძის ოჯახის წევრების განმარტებით, პატიმარი ძალოვნებმა სცემეს.
"თბილისში "რეზბალნიცაზე" ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც წამლები არ მიაწოდეს. იმის გამო, რომ ნიკამ ისევ ციხეზე დაბრუნება მოითხოვა, ის სასტიკად სცემეს. ბოლოს ის გეგუთის ციხეში გადმოიყვანეს, სადაც ძალიან ცუდად გახდა," – ამბობს პატიმრის ბებია თამარ ბაბუნაშვილი.
გეგუთის საპყრობილედან პატიმარი დღეს, თავდაპირველად ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც ის გამოკვლევებისათვის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.
ნიკა ჩხობაძე ხულიგნობის მუხლით სასჯელს ჯერ თბილისის მცირეწლოვანთა ციხეში იხდიდა, შემდეგ –  ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბოლოს ის  გეგუთის საპყრობილეში გადაიყვანეს.
ნიკა ჩხობაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე სამედიცინო დაწესებულებაში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

ავტორი: ანა ჯანაშია