ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები ვიცე–გუბერნატორის სახელით ხორციელდება?
ქუთაისის მერიაში შიდა დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. ვიცე–გუბერნატორად გოჩა თევდორაძის დანიშვნის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ მერიის რამდენიმე სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს.
საკადრო ცვლილებების არაოფიციალურ მიზეზად ახალ ვიცე–გუბერნატორთან პიროვნული
შეუთავსებლობა და კლანური დაპირისპირება სახელდება.
სამსახურის
დატოვების შესახებ მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა ვალერი კლდიაშვილმა განცხადებით
ქალაქის მერს უკვე
მიმართა (2012 წლის 1 ნოემბერს).
"ჯერ არ
დაგვიკმაყოფილებია ვალერი კლდიაშვილის განცხდება, რადგან ამ დრომდე მიმდინარეობს
კონსულტაციები. შესაბამისად, მის ადგილზე ახალი ჯერ არავინ მოიაზრება ", –
განუმარტა newpress.ge-ს ქუთაისის მერმა ბესო ბრეგაძემ.
ვალერი
კლდიაშვილი ირწმუნება, რომ სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება ჯერ კიდევ
არჩევნებამდე მიიღო. „ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება არანაირ შიდა ან კლანურ
დაპირისპირებას. მართალია, სამსახურს ვტოვებ, თუმცა, გუნდიდან არ მივდივარ, რადგან
ჩვენ ისევ ერთ გუნდად ვრჩებით. ვერ გეტყვით სად წავალ. ეს ჯერ განხილვის
თემაა", – ამბობს ვალერი კლდიაშვილი.
ასევე,
ცნობილი ხდება, რომ ტრანსპორტის სამსახურის უფროსის კვალს სხვა სამსახურების
უფროსებიც გაუყვებიან. მათ შორის არიან: მერიის საბინაო სამსახურის უფროსი კახა
ხვარეშია, კულტურისა, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ
ცამციშვილი და კეთილმოწყობის სამსახურის
უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. ეს უკანასკნელი თანამდებობის დატოვების შესახებ
ინფრომაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. "ჯერჯერობით აქ ვარ და ხვალ რა
იქნება არ ვიცი", – გვითხრა სატელეფონო საუბრისას ლევან ჭანჭალეიშვილმა.
რაც შეეხება კულტურის
სამსახურის უფროსს თეიმურაზ ცამციშვილსა და საბინაო
მართვის სამსახურის უფროსს კახა ხვარეშიას, ისინი
newpress.ge- ის ვიზიტის დროს სამსახურში არ იმყოფებოდნენ და არც
სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
„ამ დროისთვის
ყველა სამსახურის უფროსი ასრულებს თავის მოვალეობას და თუ კი ვინმეს უნდა
სამსახურის დატოვება ეს ინდივიდუალურია. ამით ქალაქში მიმდინარე იფრასტრუქტურული
თუ სხვა პროექტები არ შეჩერდება", – ამბობს ქუთაისის მერი.
"მერიაში
არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.
ვინმეს მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ, თუკი აქვთ სურვილი თანადებობა დატოვონ, ეს სხვა
საქმეა", – აღნიშნავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის
შემსრულებლი ირაკლი გიორგაძე.
ზეწოლას და
საკადრო ცვლილებაში ჩარევის ფაქტს უარყოფს იმერეთის ახალი ვიცე–გურნატორი გოჩა
თევდორაძეც.
„მე ერთი
კვირის წინ დავინიშნე ვიცე–გუბერნატორად. მერიის სამსახურის უფროსებთან არანაირი
შეხვედრა არ მქონია. ამდრომდე, შეხვედრებს
გუბერნატორის დავალებით, სამტრედიაში
ვმართავდი. ის ადამიანები, რომლებზეც მესაუბრებით გზაზეც კი, არ შემხვედრიან. მინდა გითხრათ, რომ
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში არანაირად არ ვერევი",–
განმარტა სატელეფონო საუბრისას გოჩა
თევდორაძემ.
აღსანიშნავია,
რომ 2011 წლამდე, ნინო ბურჯანაძის ახლობლობით პოლიტიკაში მოხვედრილ გოჩა თევდოროძეს,
(პარლამენტარობის გარდა) ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი ეჭირა. სწორედ იმ პერიდოში, გოჩა თევდორაძის სახელთან ასოცირდებოდა ყველა საკადრო ცვლილება. მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ნებისმიერი პირის საჯარო სამსახურში დასაქმება–არდასაქმების და თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს გოჩა თევდორაძე წყვეტდდა.
თუმცა, 2011 წლიდან გოჩა თევდორაძე პარტიის საქალაქო საქმიანობას ჩამოაშორეს (და ეს ადგილი ქუთაისის ყოფილმა მერმა, გიორგი თევდორაძემ დაიკავა).
სწორედ ამ პერიოდიდან შესუსტდა გოჩა თვედორაძის გავლენა რეგიონში.
ავტორი: თეკლა მორგოშია