უმრავლესობა პარლამენტში აუდიტის სამსახურის შესვლას ითხოვს
საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის მშენებლობაზე
დახარჯული თანხების მიზნობრიობის შესწავლას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ითხოვს.
პარლამენტში აუდიტის სამსახურის შესვლის იდეას საპარლამენტო უმცირესობაც ეთანხმება. თუმცა ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის მშენებლობაზე
დახარჯული თანხების, მშენებლობის დასასრულებლად საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებისა
და შენობის მომავალი ბედის გარკვევის საკითხმა
უმრავლესობა-უმცირესობას შორის ბიუროს სხდომაზე დღეს, დაპირისპირება მაინც გამოიწვია.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზურაბ ტყემალაძის თქმით, პარლამენტის
მშენებლობა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობდა. როგორც ტყემალაძე ამბობს,
მშენებლობის დამკვეთი კერძო სამართლის იურიდიულ პირი აღმოჩნდა, ხოლო ობიექტის ასაშენებლად
საჭირო თანხები გაურკვეველი პირებისა და ორგანიზაციების მიერ ირიცხებოდა. „ოცნებაში“ კვლავ აცხადებენ, რომ შენობა არ არის
ექსპლოატაციაში შესული, ხოლო მისთვის საბოლოო სახის მისაცემად დამატებით 20 მილიონამდე
ლარია საჭირო.
„დაახლოებით 360 მილიონამდეა დახარჯული მშენებლობაზე.
არ არსებობს ექპერტის დასკვნა შენობის ვარგისიანობის შესახებ. ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დამნაშავეები, რომ ისეთ
შენობას ვუწევთ ექსპლოატაციას, რომლის გამოყენება არ შეიძლება. შეიძლება ექსპლოატაციის
დროს რამე ჩამოინგრეს,“ - ამბობს ზურაბ ტყემალაძე.
უმრავლესობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა
პარლამენტის საკითხის შესწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოითხოვა. ძიძიგურის მოთხოვნას დაეთანხმა უმცირესობის ლიდერი
დავით ბაქრაძე. მისი თქმით, როდესაც არსებობს
კითხვები, მათ პასუხი უნდა გაეცეს. ამისთვის კი კარგი საშუალება პარლამენტში აუდიტის
სამსახურის შესვლაა.
თუმცა აღსანიშნავია,
რომ პარლამენტის მშენებლობის გაგრძელებისა და ამისათვის თანხების მოძიებასთან დაკავშირებით
გარკვეული უთანხმოება თავად უმრავლესობის რიგებშიც არსებობს. უმრავლესობის წევრის ზაქარია
ქუცნაშვილის განცხადებით, უმჯობესია ქუთაისში შენობის დასრულების ნაცვლად, ხელისუფლებამ
თბილისში მდებარე საკანონმდებლო ორგანოს ძველი
შენობის რემონტი დაიწყოს. რასაც ქუცნაშვილის გათვლით, 2-3 მილიონზე მეტი თანხა არ დასჭირდება.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის დასასრულებლად
თანხების მოძიების წინააღმდეგია უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.
„ამ შენობას რომ ვასრულებთ, ვიცით რა იქნება ამ შენობაში?
საქათმეს თუ ვაშენებთ, საქათმის ბიუჯეტი უნდა გააკეთო,“ - ამბობს საგანელიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე