|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაფიცულმა მაღაროელებმა ივანიშვილისგან პასუხი ვერ მიიღეს

ჭიათურაში, გაფიცულმა მაღაროელებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან დღეს პასუხი ვერ მიიღეს. მთავრობის კანცელარის წარმომადგენელს, გია ჟორჟოლიანს, რომელსაც გაფიცულებისათვის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უნდა ეცნობებინა, მაღაროელები უშედეგოდ ელოდებოდნენ.

პრემიერისაგან გაფიცულები იმ დაპირების შესრულებას ითხოვენ, რომლის მიხედვით მათი პრობლემების მოგვარების გარანტი ივანიშვილი იქნება. 

„ჭიათურის გამგეობის წინ, დღეს  უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. მთავრობის კანცელარიიდან წარმომადგენლის ვიზიტი ხვალ დილისთვის გადაიდო. მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ხელისუფლებამ დღეისათვის, კომისიის სრულყოფილი სახით შექმნა ვერ მოასწრო. ჩვენც ცოდვები ვართ. მუშაობის დაწყება  და ამ ყველაფრის დასრულება გვინდა. მაღაროში მჯდომარე აქციის მონაწილე ქალებიდან, ორი ქალი შეწუხდა და სასწარაფო დახმარება გამოვიძახეთ. ერთ-ერთი მათგანი ფეხმძიმეა. ჩვენი მოთხოვნები მოთხოვნებად რჩება და ბიძინა ივანიშვილისგან  ხალხი გამოხმაურებას ელოდება,“ - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული მაღაროელი ნონა ბიწაძე.

საგამოძიებო კომისია, რომელიც პარლამენტში დაახლოებით ორი კვირის წინ უნდა ჩამოყალიბებულიყო,  ამ დრომდე არ შექმნილა.

პარლამენტის დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ მაღაროელთა პრობლემა დღეს, პარლამენტში გამართულ ბიუროს სხდომაზე გაიტანა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში საკითხს კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. თუმცა კონკრეტულად როდის და რა საშუალებით მოხდება  მაღაროელთა პრობლემის მოგვარება, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

ხელისუფლების მხრიდან რეაგირებამდე კი გაფიცული მაღაროელები, რომლებიც პროტესტს უკვე მეოთხე კვირაა გამოხატავენ, აქციების  შეწყვეტას არ აპირებენ. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე